რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინების შესახებ

პასუხები კორონავირუსის შესახებ ხშირად დასმულ კითხვებზე

გაეროს ბავშვთა ფონდი
vaccines
UNICEF/GEO-2021/Robakidze
04 მაისი 2021

ყოველწლიურად ვაქცინებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ. COVID-19-ის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია პანდემიის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის პროცესში, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს  და ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ საყვარელი საქმეების კეთებას, საყვარელ ადამიანებთან ერთად.

COVID-19 ვაქცინების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხის  გაცემის მიზნით ჩვენ ამ სტატიაში ექსპერტთა მიერ  მოწოდებული უახლესი ინფორმაცია შევკრიბეთ. ამ სტატიას ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე დროდადრო განვაახლებთ.

 


 

გადადით პირდაპირ თემატურ განყოფილებაზე:

როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინები 
ვაქცინის უსაფრთხოება
ვაქცინის ეფექტურობა COVID-19-ის ახალი შტამების წინააღმდეგ 
როდის არ უნდა ავიცრათ
რატომ უნდა აიცრათ მაშინაც კი, თუ COVID-19 უკვე გადატანილი გაქვთ
COVID-19 ვაქცინები და ძუძუთი კვება
COVID-19 ვაქცინები და ორსულობა
COVID-19 ვაქცინები და ბავშვები
როგორ განვაცხადოთ ვაქცინაზე გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესახებ

 


 

 

როგორ მუშაობს COVID-19-ის ვაქცინები?

ვაქცინები დაავადების გამომწვევი ინფექციური აგენტების - ვირუსების, ბაქტერიების ან სხვა მიკროორგანიზმების იმიტაციის გზით მოქმედებს. ისინი ჩვენს იმუნურ სისტემას ინფექციის წინააღმდეგ სწრაფად და ეფექტურად რეაგირებას  „ასწავლიან“.

ტრადიციულად, ეს მიიღწევა ორგანიზმში ინფექციური აგენტის დასუსტებული ფორმის შეყვანის გზით, რაც ჩვენს იმუნურ სისტემას მისი დამახსოვრების საშუალებას ძლევს. ამის შედეგად, ჩვენს იმუნურ სისტემას შეუძლია სწრაფად იცნოს ინფექცია და ებრძოლოს მას მანამ, სანამ ავად გავხდებით. COVID-19-ის საწინააღმდეგო ზოგიერთი ვაქცინა სწორედ ამ პრინციპით არის შექმნილი.

COVID-19-ის სხვა ვაქცინები ახალი მიდგომების გამოყენებით შემუშავდა. მათ მესენჯერ RNA ან mRNA ვაქცინებს უწოდებენ. ანტიგენების შეყვანის ნაცვლად (ანუ ნივთიერებისა, რომლის ზემოქმედებით ჩვენი იმუნური სისტემა ანტისხეულებს წარმოქმნის), mRNA ვაქცინა ჩვენს ორგანიზმს გენეტიკურ კოდს სძენს, რომელიც იმუნურ სისტემას ანტიგენის გამოსამუშავებლად სჭირდება. mRNA ვაქცინის ტექნოლოგია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მუშავდებოდა. ეს ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და ზემოქმედებას არ ახდენს ადამიანის დნმ-ზე.

ვაქცინების მოქმედების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდს WHO.

არის თუ არა COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხო?

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის ვაქცინები ძალიან სწრაფად მუშავდება, მათ კლინიკური კვლევების პროცესში მკაცრი ტესტირება უნდა გაიარონ იმის დასადასტურებლად, რომ ისინი აკმაყოფილებენ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის სტანდარტებს. მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ვაქცინა შეიძლება დამტკიცდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოების მიერ.

გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს და აწვდის მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ უსაფრთხოების და ეფექტურობის კრიტერიუმებს და დამტკიცებულია მარეგულირებელი ორგანოების მიერ.

>> იხ. ინფორმაცია: რა უნდა ვიცოდეთ COVID-19-ის ვაქცინით აცრამდე, აცრის დროს და მის შემდეგ.

როგორ მოხერხდა COVID-19-ის ვაქცინების შემუშავება ასე სწრაფად?

კვლევასა და განვითარებაში ჩადებული უპრეცედენტო ინვესტიციების და გლობალური თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერებმა  COVID-19–ის წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების შემუშავება რეკორდულ დროში მოახერხეს. ამ პროცესში დაცული იყო უსაფრთხოების ყველა სტანდარტული პროცედურა და მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტები.

უაღრესად იმედისმომცემია ის, რომ COVID-19-ის იმ ვაქცინების გარდა, რომლებიც ამჟამად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, არსებობს შემუშავების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი 200–ზე მეტი „კანდიდატი“ ვაქცინა. ამათგან რამდენიმე ვაქცინა კლინიკური კვლევების მე-3 ფაზაშია (ვაქცინის დამტკიცების ბოლო ეტაპზე).

 

COVID-19-ის რომელი ვაქცინაა ჩემთვის საუკეთესო?

გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ძალზე ეფექტურია COVID-19–ის მძიმე დაავადებისგან დასაცავად. საუკეთესო ვაქცინა ისაა, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომია თქვენთვის!

ეფექტურად დაგვიცავს თუ არა COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინები დაავადების ახალი შტამებისგან?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ დღემდე დამტკიცებული ვაქცინები სავარაუდოდ გარკვეულწილად ახალი შტამბებისგანაც იცავს.

მსოფლიოს ექსპერტები გამუდმებით სწავლობენ ახალი შტამების ზემოქმედებას ვირუსის ქცევაზე, მათ შორის, მათ პოტენციურ ზემოქმედებას COVID-19 ვაქცინების ეფექტურობაზე.

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ერთი ან მეტი შტამის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისი შემადგენლობის შეცვლა აღნიშნული შტამებისგან დასაცავად. მომავალში შეიძლება საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა იმუნიზაციის პროცესში, როგორიცაა განმეორებითი ვაქცინაციის გამოყენება და სხვა სიახლეების შემოღება.

მაგრამ მანამდე მნიშვნელოვანია ავიცრათ და ამავე დროს განვაგრძოთ ზომების მიღება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, რაც ვირუსის მუტაციის შანსებსაც შეამცირებს. ასეთი ზომებია ფიზიკური დისტანციის დაცვა, ნიღბების ტარება, კარგი ვენტილაცია, ხელების რეგულარული დაბანა და დროული მიმართვა სამედიცინო დახმარების  მისაღებად დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში.

ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში?

იმის გამო, რომ 2021 წელს გლობალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ვაქცინების საკმარისი ოდენობის წარმოების შესაძლებლობები არ არის, ერთდროულად ყველა ადამიანის აცრა შეუძლებელია. ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ მოსახლეობის პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  უწევს რეკომენდაციას. ესენი არიან წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი (ჯანდაცვის სისტემების დასაცავად) და COVID-19-ის შედეგად გარდაცვალების ყველაზე მაღალი რისკის მქონე პირები, მაგალითად, ხანდაზმულები და გარკვეული სამედიცინო პრობლემების მქონე პირები. ამის შემდეგ პრიორიტეტი უნდა მიეცეს კრიტიკული მნიშვნელობის სხვა სფეროებში მომუშავე პირებს (მაგალითად მასწავლებლებს და სოციალურ მუშაკებს). როდესაც ვაქცინების მეტი დოზები გახდება ხელმისაწვდომი, მოსახლეობის ამ ჯგუფებს სხვა ჯგუფებიც დაემატება.

რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ COVID-19-ის აცრა?

თუ ჯანმრთელობის პრობლემების გამო თქვენ COVID-19-ის აცრის გაკეთებასთან დაკავშირებით გარკვეული შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს. დღეისათვის დადგენილია, რომ უარყოფითი ეფექტის თავიდან აცილების მიზნით, COVID-19-ის აცრა არ უნდა გაიკეთონ ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემების მქონე პირებმა:

  • მათ, ვისაც ალერგიული რეაქცია აქვთ COVID-19-ის ვაქცინაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
  • მათ, ვინც ამჟამად ავადაა ან COVID-19-ის სიმპტომები აქვთ (თუმცა, შეგიძლიათ გაიკეთოთ აცრა მას შემდეგ, რაც გამოჯანმრთელდებით და თქვენი ექიმი აცრის ნებართვას მოგცემთ).

საჭიროა თუ არა აცრა იმ შემთხვევაში, თუ COVID-19 უკვე გადატანილი მაქვს?

დიახ, იმუნიზაცია საჭიროა იმ შემთხვევაშიც კი, თუ COVID-19 უკვე გადაიტანეთ.  მიუხედავად იმისა, რომ COVID-19–ისგან განკურნებულ ადამიანებს შეიძლება ვირუსის მიმართ ბუნებრივი იმუნიტეტი განუვითარდეთ, ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენ ხანს გრძელდება ის ან რამდენად ხართ დაცული. ვაქცინაცია უფრო საიმედო დაცვას გვთავაზობს.

შეიძლება თუ არა ავიცრა თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე მყავს?

მკვლევარები ამჟამად სწავლობენ COVID-19-ის ვაქცინაციის გავლენას მეძუძურ ქალებზე, მაგრამ ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვირჩევს მეძუძური ქალების აცრას იმ შემთხვევაში, თუ ისინი  ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფში შედიან, მაგალითად მათთვის, ვინც ჯანდაცვის სფეროში მუშაობს. ძუძუთი კვება შეიძლება იმუნიზაციის შემდეგაც  გაგრძელდეს და იგი თქვენი ბავშვის დაავადებებისგან დაცვისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების  ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად რჩება.

შეიძლება თუ არა COVID-19-ის აცრის გაკეთება ორსულობის დროს?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად COVID-19–ით მძიმედ დაავადების რისკი დაბალია, ორსულობა თქვენს რისკებს ზრდის.

COVID-19-ის ვაქცინით ორსული ქალების აცრის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საკითხები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მაგრამ არ არსებობს რაიმე ცნობილი მიზეზი, რომელიც ორსულთა ვაქცინაციით მიღებულ სარგებელს გადაწონის. ამის გამო, ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე, აცრა შეიძლება გაუკეთდეთ იმ ორსულ ქალებს, რომლებსაც COVID-19–ის ზემოქმედების მაღალი რისკი (მაგ., სამედიცინო მუშაკებს) ან ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, რომლებიც COVID-19-ით მძიმედ დაავადების რისკს ქმნიან. 

ახდენს თუ არა COVID-19-ის ვაქცინა ზემოქმედებას ფერტილურობაზე?

არა, არ ახდენს. სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება წაკითხული გქონდეთ ასეთი მცდარი შეხედულებების შესახებ, მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომელიმე ვაქცინამ, მათ შორის COVID-19-ის ვაქცინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ქალებისა და მამაკაცების ფერტილურობაზე. თუ თქვენ ამჟამად დაორსულებას ცდილობთ, არ არის იმის საჭიროება, რომ ორსულობას მოერიდოთ COVID-19 აცრის შემდეგ.

საჭიროა თუ არა ბავშვების აცრა  COVID-19-ის ვაქცინით?

ბავშვების იმუნური სისტემა განსხვავდება ზრდასრულთა იმუნური სისტემისგან და შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მათი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც. დღეისათვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული COVID-19 ვაქცინები არ არის რეკომენდებული 16-18 წლამდე ასაკის პირებისთვის მაშინაც კი, თუ ისინი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ბავშვებზე COVID-19-ის ვაქცინის ზემოქმედება შესწავლილი არ იყო ვაქცინების საწყისი კვლევების დროს. ამიტომაც ამჟამად COVID-19-ის წინააღმდეგ 16 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები ძალიან მცირეა ან საერთოდ არ არსებობს. საჭიროა მეტი კვლევის ჩატარება. ჩვენ განვაახლებთ ჩვენს რეკომენდაციებს მას შემდეგ, რაც ასეთი კვლევები ჩატარდება და მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. 

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ თქვენს ბავშვს რუტინული საბავშვო აცრები ჩაუტარდეს. 

როდის იქნება COVID-19-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი ჩემს ქვეყანაში?

ვაქცინების განაწილება გლობალური მასშტაბით მიმდინარეობს და მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია. გირჩევთ მიმართოთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიიღოთ უახლესი ინფორმაცია თქვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

COVAX-ის პლატფორმის სახელით, გაეროს ბავშვთა ფონდი ყიდულობს COVID-19-ის ვაქცინებს და აწვდის მათ მთელს მსოფლიოს, იმისთვის რომ არცერთი ქვეყანა არ დარჩეს ვაქცინის გარეშე. ჩვენი მიზანია 2021 წლისთვის მივიღოთ და დავარიგოთ 2 მილიარდი დოზა. დოზები COVAX-ის მონაწილე ქვეყნებს გადაეცემათ განაწილების ფორმულის საფუძველზე, მათი მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის პროპორციულად.

რა არის COVAX-ის პლატფორმა?

COVAX-ის პლატფორმა გლობალური ძალისხმევაა, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის ვაქცინების შემუშავებისა და  წარმოების დაჩქარებას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი სამართლიანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. არც ერთი ქვეყანა არ იქნება COVID-19-ისგან დაცული მანამ, სანამ  ყველა ქვეყანა არ იქნება დაცული.

COVAX-ის პლატფორმაში ჩართულია 190 ქვეყანა და ტერიტორიული ერთეული, რაც მსოფლიოს მთელი მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენს. მუშაობს რა ეპიდემიისთვის მზადყოფნის ინოვაციების კოალიციასთან (CEPI), ვაქცინების გლობალურ ალიანსთან (GAVI), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და სხვა პარტნიორებთან ერთად, გაეროს ბავშვთა ფონდი  COVAX–ის სახელით COVID-19-ის ვაქცინების შეძენისა და მიწოდების ღონისძიებებს ხელმძღვანელობს.

იხ. დამატებითი ინფორმაცია COVAX-ის შესახებ.

ინტერნეტში COVID-19-ის ვაქცინების შესახებ არაზუსტ ინფორმაციას წავაწყდი. როგორ მოვიქცე?

სამწუხაროდ, ინტერნეტში უამრავი არაზუსტი ინფორმაცია არსებობს COVID-19 ვირუსის და ვაქცინების შესახებ. ჯანმრთელობის კრიზისის დროს დეზინფორმაციამ შეიძლება პარანოია, შიში და სტიგმატიზაცია გამოიწვიოს. მას ასევე შეუძლია  ადამიანი ვირუსის მიმართ დაუცველი ან უფრო მეტად მოწყვლადი გახადოს. მიიღეთ გადამოწმებული ინფორმაცია და რჩევები სანდო წყაროებიდან, როგორიცაა თქვენი ადგილობრივი სამედიცინო ორგანო, გაერო, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

თუ თქვენ ინტერნეტში ისეთი შინაარსის პუბლიკაციას გადააწყდებით, რომელიც თქვენი აზრით ყალბი ან შეცდომაში შემყვანია, შეგიძლიათ  მისი გავრცელება შეაჩეროთ, თუ ამის შესახებ სოციალური მედიის პლატფორმას აცნობებთ.

მოქმედებს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები დნმ-ზე?

არა, COVID-19-ის არც ერთი ვაქცინა არანაირ გავლენას არ ახდენს თქვენს დნმ-ზე. მესენჯერი RNA ან mRNA ვაქცინები ასწავლის უჯრედებს თუ როგორ უნდა შექმნან ცილა, რომელიც  სხეულში იმუნურ რეაქციას იწვევს. ამ რეაქციის დროს წარმოიქმნება ანტისხეულები, რომლებიც  ვირუსისგან გიცავთ. mRNA განსხვავდება დნმ-ისგან და უჯრედის შიგნით  მხოლოდ დაშლამდე რჩება, დაახლოებით 72 საათის განმავლობაში. ამასთან, ის არასდროს შედის უჯრედის ბირთვში, სადაც  დნმ-ი ინახება.

შეიცავს თუ არა COVID-19-ის ვაქცინები ცხოველურ პროდუქტებს?

არა, COVID-19-ის არცერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული, ცხოველურ პროდუქტებს არ შეიცავს.

როგორ შემიძლია დავიცვა ჩემი ოჯახი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღებამდე?

უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები მდგომარეობას ძირეულად ცვლიან, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დონეზე შეუძლიათ მათ დაგიცვან ინფექციისგან და მისი გადაცემისაგან. ამ ეტაპზე, აცრის გაკეთების შემდეგაც კი, ჩვენ კვლავ უნდა გავაგრძელოთ სიფრთხილის ზომების მიღება საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი პირების დასაცავად. ეს გულისხმობს პირბადეების ტარებას, ფიზიკური დისტანციის დაცვას და ხელების რეგულარულ დაბანას. 


ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა 2020 წლის 28 ოქტომბერს და განახლდა 2021 წლის 6 აპრილს.

 

ეს სტატია მომავალშიც განახლდება, უახლესი ინფორმაციის ასახვის მიზნით.