რას ნიშნავს საბავშვო ბაღების გარეშე დარჩენა ბავშვებისთვის, ოჯახებისთვის და ბაღის აღმზრდელებისთვის?

Პანდემიის გამო დაკეტილმა საბავშვო ბაღებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ბაღის აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და აღმზრდელების ცხოვრება.

თაკო ჯიბუტი გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოსთვის
Father and Daughter
UNICEF/GEO-2020/Jibuti
12 ოქტომბერი 2020

“ბაღიდან იწყება ბავშვისთვის იმის გაცნობა, თუ რა არის ოჯახს მიღმა, შესაბამისად, იწყება გარესამყაროს შეცნობის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბავშვის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური უნარების განვითარებასთან. უპირველესად, სწორედ ამ უნარების განვითარება დგება საფრთხის ქვეშ, როდესაც 6 თვის მანძილზე დაკეტილ ბაღებზე ვსაუბრობთ”, ამბობს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ნათია რურუა.

 

პანდემიის გამო დაკეტილმა საბავშვო ბაღებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ბაღის აღსაზრდელების, მათი მშობლებისა და აღმზრდელების ცხოვრება. რა გავლენას ახდენს ეს ცვლილებები ამ ამბის მონაწილეთა ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე? რა ადგილი ენიჭებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საზოგადოებაში და რამდენად სწორად არის შეფასებული სკოლამდელი განათლების როლი ქვეყნის განვითარებისა და პოზიტიური ცვლილებების ჭრილში?

Liliana
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები დაიკეტა, 5 წლის ლილიანა ძირითად დროს სახლში, მამასთან - დავითთან ერთად ატარებს, რომელსაც სახლიდან უწევს მუშაობა. ლილიანას დედა სრულ განაკვეთზე, ოფისიდან მუშაობს. დავითი გვიყვება, რომ ლილიანა ბაღში მისვლამდე არ გამოირჩეოდა განსაკუთრებული სოციალური უნარებით, დროის გატარება ოჯახის წრეში ერჩივნა, თამაში - მამიდაშვილებთან. ლილიანას სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, მისი ბაღში სიარული მშობლებს მნიშვნელოვნად მიაჩნდათ. ბაღი სწორედ იმ დროს დაიკეტა, როდესაც ლილილანამ ბაღის გარემოში თავი უსაფრთხოდ იგრძნო, გაუჩნდა აღმზრდელების მიმართ ნდობა და იწყებდა სიამოვნების მიღებას თანატოლებთან ურთიერთობისგან.

LIliana and her father
UNICEF/GEO-2020/Jibuti
“ემოციურად და ფიზიკურად ძალიან რთულია, თან იმუშავო და თან იმაზე იზრუნო, რომ ბავშვმა სახლში არ მოიწყინოს და დრო სასარგებლო აქტივობებს დაუთმოს,” ამბობს დავითი.

ლილიანას და ან ძმა არ ჰყავს, ის მიჩვეულია ოჯახის წევრებისგან ყურადღებას, დედ-მამისგან სულ ელის კონტაქტს და სხვადასხვა აქტივობებში თუ თამაშებში ჩართულობას. დავითისთვის რთული იყო ამ პირობებში სამუშაოზე კოცენტრირება, თუმცა, შესაძლებლობას, რომ ლილიანასთან სახლში დარჩენილიყო, მაინც დადებითად აფასებს. დავითი გვიყვება, რომ შეიმუშავა ერთგვარი დღის წესრიგი, სადაც დროის გარკვეულ მონაკვეთს მხოლოდ ლილიანას უთმობს, ერთად ხატავენ, ძერწავენ, აკეთებენ ბაღის აქტივობების იმიტაციას. Მიუხედავად ამ ძალისხმევისა, დავითი ამბობს, რომ ყოველდღიურ რუტინაში მაინც საჭირო გახდა დამატებითი, არასასურველი გასართობის - ეკრანის შემოტანა, რადგან შეუძლებელია ამ პირობებში მშობელს ყველაფერზე ეყოს რესურსი და თან ყველაფერი სწორად გააკეთოს.

Natia Rurua
UNICEF/GEO-2020/Jibuti

დავითის და ლილიანას მაგალითი, ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევაა. თუმცა, რაც არ უნდა მონდომებული და ბავშვზე ორიენტირებული იყოს მშობელი, შეძლებს ის შესძინოს ბავშვს ის თვისებები და უნარ-ჩვევები სახლში, რაც ბავშვმა ბაღის გარემოდან უნდა მიიღოს?

თბილისის ერთერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ნათია რურუა, ამბობს, რომ ბავშვისთვის იმის გაცნობა, თუ რა არის ოჯახს მიღმა, 3 წლიდან, სწორედ ბაღის ასაკიდან იწყება. ეს არის გარესამყაროს შეცნობის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებასთან. 6 თვის განმავლობაში დაკეტილი საბავშვო ბაღები უპირველესად განვითარების ამ პროცესის შეფერხებას იწვევს ბავშვებში.

Natia Rurua
UNICEF/GEO-2020/Jibuti

განათლებით პედაგოგი, ნათია, 13 წელია რაც საბავშვო ბაღის აღმზრდელია. მისი დაკვირვებით, ბაღში ბავშვები ყოველდღიურად დგამენ ახალ ნაბიჯებს. 3-6 წლის Ბავშვების განვითარების ფაზებში ყველა ასაკს თავისი დატვირთვა აქვს. ბავშვი ეტაპობრივად სწავლობს სხვადასხვა წინააღმდეგობებისა თუ შიშების დაძლევას და იძენს ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. ამ პროცესის გავლა მხოლოდ სოციუმში, სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას არის შესაძლებელი და იგივე შედეგს ვერც კერძო თერაპია და ვერც მშობლებთან ან დედმამიშვილებთან ურთიერთობა ვერ გვაძლევს. ნათია ფიქრობს, რომ ამ პროცესის მოულოდნელი წყვეტა, დესოციალიზაცია, გაურკვევლობა და ბაღში დაბრუნების გაუმართლებელი მოლოდინი საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ბავშვის ფსიქიკისთვის, ისე მისი ფიზიკური განვითარებისთვის.

Kindergarten teacher
UNICEF/GEO-2020/Jibuti
"გაურკვევლობით გამოწვეული შფოთი აღმზრდელში ემოციურ არასტაბილურობას იწვევს, მაშინ, როცა ის უნდა იყოს მშვიდი და მიწაზე მყარად მდგომი, რათა შეძლოს ბავშვის ნდობის მოპოვება, დაეხმაროს მას წინააღმდეგობებისა და შიშების დაძლევაში" - ამბობს ნათია.

სოფია და ელენე ერთმანეთს დედების სამსახურში კვირაში რამდენჯერმე ხვდებიან. მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები დაიკეტა, რუსუდანი და სოფო ხშირად იძულებულები არიან შვილები სამსახურში, საერთო სამუშაო სივრცეში, თან წაიყვანონ.

Girls at whiteboard
UNICEF/GEO-2020/Jibuti
მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ბავშვები იზოლირებულ ოთახში გასართობით მოვამარაგოთ, ისინი მაინც ხშირად ხვდებიან უცხო ადამიანებთან ერთ სივრცეში, აღნიშნავენ რუსუდანი და სოფო.

რუსუდანი სრულ განაკვეთზე მუშაობს, მისი სამუშაო საპასუხისმგებლო და დამღლელია, თუმცა, 5 წლის სოფია ამას ვერ გაითვალისწინებს და დედის ყურადღებას ხშირად ითხოვს, რაც რუსუდანის სამუშაოს კიდევ უფრო სტრესულს ხდის. Სოფია ბაღში დაბრუნებას სექტემბერში ელოდა, მშობლებთან ერთად საყიდლებზეც იყო წასული და ახალი ტანსაცმელი შეიძინა, თუმცა, 1 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე დედამ უთხრა, რომ ბაღში ვერ წავიდოდა, რაც სოფიამ ძალიან განიცადა. როდესაც 1 ოქტომბერსაც იგივე განმეორდა, სოფიამ დედას უსაყვედურა, რომ ის სულ “ატყუებს”.

Mother and child
UNICEF/GEO-2020/Jibuti

რუსუდანს აშფოთებს სოფიას დარღვეული რეჟიმი და განვითარების შესაძლო შეფერხება. ამბობს, რომ ბავშვი ბაღში ძალიან ბევრ რამეს სწავლობდა, ახლა კი მარტო თამაში მალე ბეზრდება, ადვილად ღიზიანდება, სახლში ფიზიკურად ვერ იტვირთება. ამ სიტუაციაში სოფია სულ უფრო ხშირად ითხოვს მულტფილმების ყურებას და ის დრო, რომელსაც ბავშვი ეკრანთან ატარებს, საგრძნობლად გაიზარდა.

Mziko Dalakishvili
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მზიკო დალაქიშვილი, გეშტალტთერაპევტი და საბავშვო ბაღის აღმზრდელია. ის ამბობს, რომ ეკრანდამოკიდებულება, რაც დაკეტილი ბაღების პირობებში ბავშვებში კიდევ უფრო გამწვავდა, დაუხარჯავი ენერგიის შედეგია. ეს დამოკიდებულება შესაძლოა ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემის გამომწვევი გახდეს, რადგან ბაღის ასაკის ბავშვებში ის აფერხებს მეტყველების განვითარებას, აქვეითებს კონტაქტის მოთხოვნილებას და კომუნიკაციის სურვილს,ხშირად ხდება რთული ქცევის, მავნე ჩვევების გაჩენისა და გაღიზიანების მიზეზი. ადრეული განათლების მიზანია, ბავშვს შეუქმნას გარემო, სადაც ის მოახერხებს სწორად დახარჯოს ფიზიკური და ემოციური ენერგია. ასეთი გარემო სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება შეუქმნას მხოლოდ საბავშვო ბაღმა.

Mziko and her pupils in Mziuri
UNICEF/GEO-2020/Jibuti

მას შემდეგ, რაც ბაღები დაიკეტა, მზიკო დალაქიშვილის საბავშვო ბაღის აღმზრდელები ბავშვებს პერიოდულად, მზიურის პარკში ხვდებიან. ასეთი შეხვედრები ეხმარებათ ბავშვებს დაიკმაყოფილონ ერთმანეთთან კონტაქტის ბუნებრივი მოთხოვნილება, დაიხარჯონ ფიზიკურად და გახდნენ საინტერესო შემეცნებითი პროცესების მონაწილეები.

ბაღების დაკეტვით ასევე ზარალდებიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. როგორც წესი, ამ ბავშვებისთვის რეჟიმი და ყოველდღიურად განმეორებადი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი მტკივნეულად ხვდებიან ცვლილებებს.

Mziko and her pupils in Mziuri
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ნიკოლოზს, რომელსაც მეტყველების განვითარების შეფერხება აქვს, ძალიან სჭირდება თანატოლებთან ყოველდღიური ურთიერთობა. ამ ეტაპზე, ის მეგობრებთან შეხვედრას მხოლოდ კვირაში ერთხელ, მზიურის პარკში ახერხებს. მზიკო ამბობს, რომ ძალიან გულისამაჩუყებელი იყო იმის ყურება, თუ როგორ შეუყვარდათ ბავშვებს ნიკოლოზი, რომელიც, თავისი პრობლემის გამო, თავად ნაკლებად იჩენდა მათთან კომუნიკაციის ინიციატივას. სხვა ბავშვებისთვის ნიკოლოზზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობები, რადგან ისინი სწავლობენ ზრუნვას, განსხვავებულის მიღებას და ნიკოლოზთან მეგობრობით თვითონაც ბევრ საჭირო უნარ-ჩვევას იძენენ.

playing in the sand
UNICEF/GEO-2020/Jibuti

საქართველოში საბავშვო ბაღების გახსნა 12 ოქტომბრისთვის გადაიდო. ბავშვები, მშობლები და აღმზრდელები ახლა უკვე ამ ახალი თარიღისთვის ემზადებიან და იმედი აქვთ, რომ პანდემიის მიუხედავად, სკოლამდელ განათლებაში დიდი წყვეტა აღარ იქნება.