მცირე ცვლილებები, რომლებიც დიდ განსხვავებას ქმნის

სკოლამდელი განათლების სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტების სრულად დანერგვამდე, აღმზრდელ-პედაგოგები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ საკითხს და მცირე ცვლილებებით დაიწყონ უკეთესი შედეგების მიღწევა.

ინგე სნიფი იუნისეფ საქართველოსთვის
ბავშვები ბაღში
UNICEF/GEO-2019/Robakidze

08 ივლისი 2019

ჭიშკრიდან შესასვლელამდე წითელი, ლურჯი და მწვანე ხაზები მიიკლაკნება. ბაღის ბავშვების ერთი ჯგუფი იცინის, ყვირის და ხითხითებს, როდესაც ამ ხაზების გაყოლას ცდილობს. მეორე კუთხეში რამდენიმე ბავშვის ხმა ისმის, რომლებიც ერთმანეთს აქეზებენ და ცდილობენ სამბორბლიანი ველოსიპედი სათამაშო მოედნის ასფალტის საფარზე დახატულ კვალს გააყოლონ. კიდევ ერთ კუთხეში რამდენიმე ბავშვი კლასობანას თამაშობს  ეზოში, მოზრდილი ფიჭვის ხეების ქვეშ.

ოდნავ გახუნებული საღებავიანი კედლებით, აქა-იქ გარე კედელში ბზარებით და ალაგ-ალაგ  ასფალტის საფარიდან ამოზნექილი ხის ფესვებით, თბილისის ორხევის უბანში მდებარე #76 საბავშვო ბაღი გარედან ქალაქის ბაღების უმრავლესობას ჰგავს. თუმცა, რამდენიმე მათგანისგან განსხვავებით, ნაბიჯ-ნაბიჯ, მან შეძლო გარემოს გაუმჯობესება  მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ძვირია, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტი ყველაფერს ვერ წვდება.

kids and teacher
UNICEF/GEO-2019/Robakidze

სულ რაღაც ერთი წლის წინ, საბავშვო ბაღის ეზოში არაფერი არ იყო. „ჩვენი ოთხასივე ბავშვი ეზოში არსებულ ორადორ სასრიალოზე მოხვედრას ცდილობდა“, ამბობს  მეთოდისტი ლალი გოგიჩაიშვილი, „ხოლო ეზოს დიდი ნაწილი სრულიად აუთვისებელი იყო“.

ლალიმ საბავშვო ბაღში მეთოდისტად მუშაობა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ სკოლამდელი განათლების სავალდებულო სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები დაამტკიცა. ახალი სტანდარტების მიხედვით, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა, საბავშვო ბაღები უნდა უზრუნველყოფდნენ ბავშვზე ორიენტირებულ განათლებას უსაფრთხო და ბავშვზე მორგებულ გარემოში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას მისი ინტერესებისა და საჭიროებების მიხედვით.

სხვა პროფესიონალებთან ერთად, ლალიმ   სპეციალური მომზადება გაიარა სკოლამდელ განათლებაში, რომ შეძლებოდა სკოლამდელ დაწესებულებებში მუშაობა და ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა. იუნისეფის დახმარებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა სატრენინგო მოდულები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები, გზამკვლევები და დამხმარე ვიზუალური რესურსები,  რომ აღმზრდელ-პედაგოგებმა შეიძინონ  სტანდარტების განხორციელებისთვის საჭირო  კომპეტენციები.   „იუნისეფი დაეხმარა საქართველოს მთავრობას სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების შემუშავებაში საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების შესაბამისად. არსებითია, ეს პროცესი კიდევ განვითარდეს, განხორციელდეს აღნიშნული სტანდარტები და საქართველოში ყველა ბავშვმა მიიღოს მაღალი ხარისხის ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლება,” ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი.

boys kin kindergarten
UNICEF/GEO-2019/Robakidze

ახალი სტანდარტების მიხედვით, მუნიციპალიტეტებმა საჭირო საბიუჯეტო სახსრები უნდა გამოყონ ახალი საბავშვო ბაღების ასაშენებლად, არსებული სკოლამდელი დაწესებულებების რეაბილიტაციისა და ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად. სტანდარტების სრულმასშტაბიანი განხორციელებისთვის აუცილებელია: გაზრდილი ბიუჯეტი სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების, დირექტორებისა და სხვა ძირითადი პერსონალის ინტენსიურ ტრენინგებისთვის, კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარება, ჯგუფებში ბავშვთა რაოდენობის შემცირება და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და სათამაშო მასალების ხელმისაწვდომობა. ზოგიერთი ამ ამოცანის სრულად შესრულებას დიდი დრო სჭირდება, თუმცა ნაწილის მიღწევა შესაძლებელია  ნელ-ნელა, თავად აღმზრდელ-პედაგოგების მიერ. სწორედ ეს დაისახა მიზნად ლალიმ და სკოლამდელი განათლების რამდენიმე სხვა ექსპერტმა.

შენობის დათვალიერებისას ცვლილებები აშკარაა. მშვიდ, თბილ ფერებში შეღებილ კედლებზე ბავშვების მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის ხელოვნების ნიმუშებია. 3-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვთა ჯგუფის ოთახის კედლებზე ამოკვეთილია ცხოველების ფორმები, რომლებიც ბავშვებმა შეღებეს და გაკრულია მუყაოსგან გაკეთებული შინაური ცხოველები, მათ შორის ღონიერი ძროხა, რომლის ჯიქანი თეთრი  რეზინის ხელთათმანისაგან გაუკეთებიათ. „ახლა, მათი თემა ცხოველებია, ამიტომ ესენი ერთად გავაკეთეთ“, ენთუზიაზმით ამბობს პედაგოგი ნატო გურგენიძე, რომელიც პროფესიით დაწყებითი განათლების მასწავლებელია და აქ ცხრა წელია მუშაობს. საუბრის დროს კლასის მიმართულებით ჩაირბინეს მწვანე ფერებში გამოწყობილმა ბავშვებმა. დღეს ბაყაყის დღეა და  კედელზე გაკრული ფერადი დაფის საშუალებით მშობლებს სთხოვეს, ბავშვები მწვანე ფერის ტანსაცმელში გამოეწყოთ. ბავშვები მღერიან  სიმღერებს ბაყაყებზე, აფერადებენ და ჭრიან ქაღალდის ბაყაყებს და უსმენენ ამბავს ბაყაყის შესახებ.

Children sitting on the floor
UNICEF/GEO-2019/Robakidze

ამ ჯგუფში 32 ბავშვია, თუმცა ბავშვების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა 60-ია, ვიდრე სკოლამდელი დაწესებულება შეძლებს დაფინანსების მიღებას ჯგუფის ორად გაყოფისთვის. თითო კლასს ერთი აღმზრდელ-პედაგოგი და ერთი აღმზრდელი ჰყავს. ამდენ ბავშვთან  ისეთი მარტივი, მაგრამ აუცილებლი  რამ, როგორიცაა მაგალითად, სადილამდე ხელების დაბანა სტრესისა და ქაოსის გარეშე, საკმაოდ დიდი გამოწვევა შეიძლება იყოს. სწორედ აქ ერთვება ლალი.

„როგორ შეიძლება ყოველდღიური ამოცანები სახალისო გავხადოთ? მე შევდივარ, ვაანალიზებ სიტუაციას და ვთავაზობ მეთოდს, რომელიც შეიძლება დაგვეხმაროს. ხელების დაბანას რაც შეეხება, ჩვენ მოვიფიქრეთ ხელსაბანთან ცეკვა-სიმღერით მისვლა“, ამბობს ლალი. პედაგოგი ნატო აღნიშნავს, რომ ამ მიდგომამ მისი სამუშაო ბევრად ნაკლებად სტრესული გახადა.

ერთ-ერთი პირველი ცვლილება, რომელიც ლალიმ განახორციელა, სათამაშო მოედანი იყო. მან საშუალება მისცა ბავშვებს შემოქმედებითად ეთამაშათ და ეკეთებინათ მეტი, ვიდრე სასრიალოზე რიგის ლოდინია.  ასევე, ლალი მჭიდროდ თანამშრომლობდა აღმზრდელ-პედაგოგებთან ჯგუფის სხვადასხვა ზონად დასაყოფად: ხელოვნების ცენტრი,   კუბურების ცენტრი, წიგნიერების ცენტრი და წყნარი კუთხე, სამაგიდო თამაშების ცენტრი, დრამატული ცენტრი და სხვ. სიმღერებთან ერთად, ცენტრებად დაყოფილი ჯგუფის სივრცე კიდევ ერთი მეთოდია, რომ შეიქმნას შემოქმედებითი, ბედნიერი და ორგანიზებული გარემო, სადაც ბავშვებს შეუძლიათ აკეთონ, რაც სურთ.

little doctor
UNICEF/GEO-2019/Robakidze

“ბავშვები თვითონ მიდიან წყნარ კუთხეში წასაკითხად, თუ დასვენება სურთ,” ამბობს ნატო და დასძენს, რომ იგი არ ელოდა, ასეთ მცირე ცვლილებას ამდენად მნიშვნელოვანი გავლენა თუ ექნებოდა ჯგუფზე.

როდესაც ბაღში სიჩუმე ისადგურებს, სანამ ბავშვები თავიანთ ჭრელ, ხის საწოლებში იძინებენ, ლალი კვლავ აღნიშნავს პედაგოგების აზრს, რომ ზოგ რამეს, როგორიცაა მასშტაბური რემონტი, სიღრმისეული ტრენინგი და სხვ.,  შესაძლოა ბევრი დრო სჭირდებოდეს,  მაგრამ მცირე, ნაკლებხარჯიან ცვლილებებსაც  შეიძლება ჰქონდეთ მნიშვნელოვანი შედეგი.

აღმოაჩინე მეტი