“მეშინია, რომ ჩემს შვილს ისევ ზიანს მიაყენებენ“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საქართველოში უჭირთ სტიგმასთან გამკლავება

იუნისეფი საქართველოში
Gabriel
UNICEF/Geo-2016/Khetaguri

03 დეკემბერი 2016

ექვსი წლის გაბრიელი გულღიად იღიმის და თან ხილის წვენს წრუპავს. დედა მას თვალს ადევნებს და ამბავს გვიყვება: „ტუჩი გაჭრილი ჰქონდა, დალურჯებული და გასიებული, თავზეც ჰქონდა დაზიანებები მიყენებული.“

თამუნა გულისტკივილით გვიხსნის თუ როგორ სცემეს მისი აუტიზმის სპექტრის მქონე ვაჟი თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. „თავიდან პერსონალმა აღნიშნა, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ თუ რა მოხდა. შემდეგ თქვეს, რომ ბავშვმა თავი თვითონ დაიზიანა, ხოლო შემდეგ კი გვითხრეს რომ ის სხვა ბავშვმა სცემა“, ამბობს ის. „მაგრამ როგორც სოციალური მუშაკი ისე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელი სავსებით დარწმუნებულნი არიან, რომ მისი ჭრილობები   უფროსის მიერ იქნა მიყენებული.“

სამართლიანობისთვის ბრძოლის ხანგრძლივ პროცესში თამუნასთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო საზოგადოების და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან დამოკიდებულება. ის აღწერს, თუ როგორ უთხრეს მას ინციდენტამდე, რომ  საბავშვო ბაღში, სადაც მისი შვილი სწავლობდა, სხვა მშობლებს არ სურდათ  თავიანთ შვილებს ურთიერთობა ჰქონოდათ „ავადმყოფ“ ბავშვთან. თამუნა ასეთ განწყობას აბრალებს   უცოდინრობას და  ღრმად ფესვგადგმულ საბჭოურ დამოკიდებულებებს, რომელთა პირობებშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები უნდა დარჩენილიყვნენ შინ, საზოგადოებისგან მოშორებით  - სტიგმის გამო.

საზოგადოების დაბალი მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ შეიძლება ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს მათი განვითარებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მაშინ როცა თამუნა იძულებული იყო ებრძოლა გაბრიელის განათლების უფლების დასაცავად, მისმა მეგობარმა ეკამ გამოსცადა, რომ თბილისში უბრალო მგზავრობაც კი  შეიძლება სირთულეებით იყოს სავსე.

ეკას რვა წლის ქალიშვილის სალომეს დიაგნოზიც აუტიზმის სპექტრის დარღვევაა. ორი წლის წინ, როცა ეკა და მისი ოჯახის წევრები ავტობუსით მგზავრობდნენ, სალომე აღელდა,  რამაც გამოიწვია მძღოლის გაბრაზება, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახს და „ავადმყოფები“ უწოდა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ისინი საავადმყოფოში უნდა ყოფილიყვნენ მოთავსებულნი და ქუჩაში სიარულის უფლება არ უნდა ჰქონოდათ“. სხვა შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი, როცა სხვა მგზავრები მიუბრუნდნენ ეკას და შეურაცყოფა მიაყენეს და ძალადობით დაემუქრნენ.

ჯერ-ჯერობით ეკამ უარი თქვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მცდელობაზე თავისი შვილისთვის და თავის პატარა სახლს აფარებს თავს. „მხოლოდ ის მსურს, რომ შემეძლოს ქალაქში გადაადგილება ისე, რომ თავი დაცულად ვიგრძნო“ - დაღონებით აღნიშნავს ის. „მაბრაზებს ის, რომ არავის არასოდეს არ მოუხდია ბოდიში ჩემ შვილისთვის.“

სამწუხაროა, რომ სალომეს, გაბრიელის და მათი ოჯახების გამოცდილება ერთადერთი არ არის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დისკრიმინაციის თვალსაჩინო ფორმაა საქართველოში. პრობლემა აღნიშნულია  2015 წლის კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევაში, რომელიც იუნისეფის მიერ განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართველების 41 პროცენტს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ.

„სადაც არ უნდა წავიდეთ, „გიჟებს“ გვიწოდებენ“, ამბობს თამუნა, რომელიც თავს იზოლირებულად და იმედგაცრუებულად გრძნობს თავისი ვაჟის სტიგმატიზაციით და სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან მხარდაჭერის არქონის გამო. ეკას აწუხებს ის გავლენა, რომელსაც სოციალური ზეწოლა ახდენს მის უმცროს ქალიშვილზე და ცდილობს ნაკლებად გავიდეს სახლიდან სალომესთან ერთად იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულების ობიექტები გახდნენ.   

2016 წლის იუნისეფის კვლევამ, რომელიც სწავლობდა გავრცელებულ დამოკიდებულებებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ საქართველოში, გამოავლინა, რომ სტიგმა ფესვგადგმულია ოთხი ძირითადი შეხედულების სახით: რომ ასეთი ბავშვები „არანორმალურები“ არიან, რომ შეზღუდული შესაძლებლობა წარმოადგენს საფრთხეს ან გადამდებ დაავადებას, რომ ბავშვები დამოკიდებულნი არიან და რომ რელიგიური და კულტურული ნორმები ამართლებს მათდამი უარყოფით დამოკიდებულებას.

თამუნას მსგავსად, ასეთ წარმოდგენებთან ბრძოლაში კვლევა უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებულობის გაუმჯობესებას. იუნისეფი მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ დადებითი დამოკიდებულებების  ჩამოყალიბების ხელშესაწყობად საქართველოში და დაიწყო ეროვნული კამპანია „დევიდ ბექჰემის  ფონდის“ დახმარებით, ფართოდ გავრცელებული  არასწორი წარმოდგენების წინააღმდეგ საბრძოლველად და გაბრიელის და სალომეს მსგავსი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

ენერგიული და მეგობრული გაბრიელი ოთახის ირგვლივ დახტის მხიარულად ურთიერთობს სტუმრებთან. თამუნა ღელავს, რადგან მისი ვაჟი სულ ახლახან დაწყებით სკოლაში შევიდა. სკოლას კანონით მოეთხოვება გაბრიელის მსგავსი ბავშვების სპეციალიზებული მხარდაჭერა, მაგრამ ის დარწმუნებული არ არის, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. რაც ყველაზე მეტად აწუხებს ის არის, რომ მის შვილს ვინმე კვლავ ზიანს მიაყენებს.

 

აღმოაჩინე მეტი