მეგობრობის ისტორია

როგორ დაეხმარა კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ გიგის და ლუკას მათ ცხოვრებაში ახალი ფერების აღმოჩენაში

მაია ქურციკიძე იუნისეფ საქართველოსთვის
Gigi and Luka
UNICEF/Geo-2017/

07 თებერვალი 2019

ლუკა ნადარაია 12 წლის ბიჭია, რომელსაც ხელოვნება და მუსიკა იტაცებს. ის დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში - ზუგდიდში ცხოვრობს. პირველად ლუკა გიგის  გაეროს ბავშვთა ფონდის კამპანიის „დაინახე ყველა ფერი“-ს ფარგლებში შეხვდა. მანამდე მან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. კამპანიის დროს ლუკამ გაიგო, რომ გიგი აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 13 წლის ბიჭი მხატვარი იყო და ამან ლუკა ძალიან დააინტერესა.

“მე გიგისთან შესახვედრად წავედი, რომ ერთმანეთისთვის ჩვენი გამოცდილებები გაგვეზიარებინა და ერთმანეთი გაგვეცნო. მინდოდა მისგან მისი ნახატების შესახებ გამეგო“ - თქვა ლუკამ.

ბიჭებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა – ხელოვნებისა და მეგობრობის ენა. ორივეს უნდოდა ერთმანეთისთვის თავისი გატაცებები გაეზიარებინა. გიგიმ ენთუზიაზმით დაათვალიერებინა თავის სახელოსნოში გამოფენილი ნახატები. ლუკა ნამუშევრების რაოდენობამ გააოცა, ის განსაკუთრებით ჭერში ჩამოკიდებულმა ფერადმა მანქანებმა მოხიბლა. „თითოეული დეტალი, ბორბლები, ფარები და ყველაზე პატარა ნაწილებიც კი ისეთი დახვეწილი და კარგად გაკეთებული იყო ... მაგარია.” - თქვა ლუკამ.

ლუკამ გიგისთვის მელოდია დაუკრა, რადგანაც თვითონაც უნდოდა ეჩვენებინა რა უყვარდა - მუსიკის ფერები. გიგისა და ლუკას პირველი შეხვედრა ახლო მეგობრობის დასაწყისად და ახალი ფერების აღმოჩენის გზად იქცა. ლუკამ ძალიან ბევრი რამ ისწავლა შეზღუდული უნარების შესახებ. „გიგიმ დამანახა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არაფერი შეგიძლია” - თქვა ლუკამ.

მათი მეგობრობა გაგრძელდა და პირველ შეხვედრას სხვა შეხვედრებიც მოჰყვა. გიგი ლუკას თავისი ნახატების შესახებ უყვებოდა, ხოლო ლუკა მუსიკას უკრავდა. ლუკამ გიგი თავის კონცერტზე დაპატიჟა და მეგობრები და ოჯახის წევრები გააცნო. გიგის თავისი ახალი მეგობრები ძალიან მოეწონა.

ლუკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა ინტერესების ნამდვილი დამცველი გახდა. ის თავისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეუბნებოდა, რომ გიგის მსგავს ადამიანებს იგივე უფლებები და ბევრი უნარი აქვთ.

ლუკას დედა, ციცინო შენგელიაც დაუმეგობრდა გიგის დედას ნათია სახოკიას, რომელიც პატარა ქალაქ ზუგდიდში ცდილობს თავის შვილს უნარების განვითარებაში დაეხმაროს. მან გიგის სახელოსნო მოუწყო, სადაც ბიჭს თავისი ნახატები აქვს გამოფენილი და სადაც ახალ ნამუშევრებს ხატავს.

“ამ კამპანიაში მონაწილეობა გამეხარდა“ - თქვა ნათია სახოკიამ. “გიგი ძალიან შეიცვალა ლუკასთან მეგობრობის შედეგად. ის უფრო კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი გახდა. გიგი მოუთმენლად ელოდა ლუკას ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრას. ეს მეგობრობა მას თავისი  შესაძლებლობებისა და სოციალური უნარებისა განვითარებაში დაეხმარა”.

კამპანია „დაინახე ყველა ფერი“ მიზნად ისახავს დაძლიოს საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ. კამპანიის მონაწილენი ზუგდიდში ჩავიდნენ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან შესახვედრად სკოლებში და უნივერსიტეტებში, სადაც ისინი შეზღუდულ უნარებთან დაკავშირებული მითებისა და არასწორი შეხედულებების შესახებ საუბარს შეძლებდნენ. ლუკა და გიგი, თავიანთ მშობლებთან ერთად, ამ კამპანიას შეუერთდნენ და ამ ადამიანთა დამცველებად იქცნენ საკუთარ თემებში.

„ლუკამ მეტი ფიქრი დაიწყო ამ საკითხის გარშემო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზებზე. ის შეეცადა აეხსნა თავისი ბაბუისთვის და მეგობრებისთვის რომ გიგის მსგავს ადამიანებს ბევრი უნარი გააჩნდათ  და რომ საზოგადოება უნდა შეიცვალოს, და არა ისინი,”- თქვა ციცინო შენგელიამ, ლუკას დედამ.

ციცინომ, რომელიც თავად არის სამოქალაქო აქტივისტი, დახმარება გაუწია ნათიას ისეთ პროგრამაში ჩაწერილიყო, რომელიც ადვოკატირების მიზნით ხელოვნებას იყენებდა. კამპანიამ სპეციალური პლატფორმა შექმნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მათი მშობლებისთვის, რომელის მეშვეობითაც ისინი თავის პრობლემებზე ისაუბრებდნენ. ციცინო და ნათია ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონ და სხვები შეცვალონ.  ერთმანეთის მხარდაჭერისა და სხვებთან მუშაობის გზით ისინი ისეთი გარემოს შექმნას უწყობენ ხელს, რომელშიც გიგის მსგავს ბავშვებს მათი პოტენციალის რეალიზაციის საშუალება ექნებათ.

გიგი თავის სახელოსნოში ხატვას განაგრძობს და ახლა უკვე ახალი ჰობიც აქვს. ის ადამიანთა პორტრეტებს ხატავს, სხვადასხვა გამომეტყველებით. გიგის დაკვირვება და ფიქრი უყვარს. თავისი სურათების მეშვეობით ის ახალ ადამიანებს, თვისებებს და ფერებს აღმოაჩენს.

ლუკა მუსიკაში მეცადინეობას განაგრძობს და ცდილობს გავლენა მოახდინოს ადამიანთა დამოკიდებულებაზე შეზღუდული უნარების მიმართ. ის ყველას გიგისა და მისი ნახატების შესახებ უყვება. როდესაც ადამიანები მათ ერთად ხედავენ, თავადაც ახალი ფერების აღმოჩენას ცდილობენ თავიანთ თემებში და საკუთარ თავში.

 

მსგავსი ისტორიები