კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლაში და საკლასო ოთახებში განსახორციელებელი სიფრთხილის ზომები

რჩევები მასწავლებლებისათვის საკუთარი თავისა და მოსწავლეების დასაცავად.

გაეროს ბავშვთა ფონდი
First day at school during COVID-19 pandemic
UNICEF/GEO-2020/Jibuti
16 სექტემბერი 2020

სკოლების გახსნასთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია სიფრთხილის ზომების გატარება საკლასო ოთახებში და სკოლის სხვა სივრცეებში. ეს სტატია განკუთვნილია მასწავლებლების მხარდასაჭერად და სთავაზობს მათ ინფორმაციასა და რჩევებს შემდეგ საკითხებზე:

ფაქტების ცოდნა დაგეხმარებათ როგორც საკუთარი თავის, ასევე თქვენი მოსწავლეების დაცვაში. გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსის შესახებ არსებობს და ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და სახიფათო მითები, რომლებიც ადამიანებში შიშს და სტიგმას იწვევს.

სკოლაში დაბრუნებისას ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა ოჯახში მოსმენილი ჰქონდეს ყალბი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ.  თქვენ მათ უნდა გააცნოთ ფაქტები.

კორონავირუსის შესახებ, მისი გავრცელებისა და საკუთარი თავისა და სხვების ვირუსისაგან დაცვის შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია კლასში პროცედურებისა და წესების დასანერგად. მოსწავლეებს გააზრებული უნდა ჰქონდეთ საკითხი, იმისათვის, რომ დაიცვან წესები. მოისმინეთ მათი წუხილები და მოსაზრებები და უპასუხეთ მათ შეკითხვებს, მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით. განიხილეთ სხვადასხვა რეაქციები, რომლებიც შესაძლოა ბავშვებს ჰქონდეთ და განმარტეთ, რომ ეს რეაქციები ნორმალურია მოცემულ უჩვეულო ვითარებაში.

კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას აუცილებლად სანდო წყაროები უნდა გამოიყენოთ, როგორიცაა გაეროს ბავშვთა ფონდი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებები. ვითარების შესახებ ინფორმირებულობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ საკუთარი და გარეშემომყოფთა კეთილდღეობა.

ფიზიკური დისტანციის დაცვა სკოლებში

ფიზიკური დისტანციის დასაცავად, მნიშვნელოვანია კლასში დაადგინოთ ძირითადი წესები, თქვენი სკოლის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული პროცედურების, ასევე თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ან/და ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოებისა და უწყებების მიერ დადგენილი წესების, გათვალისწინებით და მათ შესაბამისად.

  • სკოლაში მყოფ ყველა პირს შორის დაცული უნდა იყოს სულ მცირე 1 მეტრიანი დისტანცია
  • გაზარდეთ სივრცე მერხებს შორის (სულ მცირე 1 მეტრი მერხებს შორის), შეცვალეთ შესვენებებისა და დიდი შესვენების დროები (თუ ამ რეკომენდაციის შესრულება რთული იქნება, ალტერნატივის სახით შესაძლებელია ბავშვებმა დიდი შესვენების დროს მერხებთან წაიხემსონ)
  • მოერიდეთ ჯგუფების შერევას საგაკვეთილო და მეცადინეობების შემდგომი აქტივობების დროს. მაგალითად, ერთი ჯგუფის მოსწავლეები ერთ საკლასო ოთახში დარჩებიან მთელი დღის განმავლობაში, ხოლო მასწავლებლები შევლენ სხვადასხვა საკლასო ოთახებში; ან ჯგუფებს შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა შესასვლელები, თუ შესაძლებელია, ან დაწესდეს თითოეული კლასის შენობაში/საკლასო ოთახში შესვლისა და გასვლის რიგითობა
  • დაადგინეთ მეცადინეობების დაწყების და დასრულების სხვადასხვა დრო, რათა სკოლაში არ მოხდეს ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ერთდროულად შეკრება
  • შეგიძლიათ განიხილოთ მასწავლებლების რაოდენობის გაზრდა, რაც შეამცირებს თითოეულ კლასში მოსწავლეების რაოდენობას (თუ სივრცე გაძლევთ ამის შესაძლებლობას)
  • გაეცით რეკომენდაცია, რომ გაკვეთილების შემდეგ ან გახანგრძლივებული ჯგუფებიდან ბავშვების გაყვანისას, არ მოხდეს ადამიანების შეჯგუფება, და თუ შესაძლებელია, სასურველია, ბავშვებს წასაყვანად არ მოაკითხონ შედარებით ხანდაზმულმა ნათესავებმა (ე.ი., ბებია-ბაბუებმა) და სხვა ახლობლებმა. დაადგინეთ სხვადასხვა დრო ბავშვების სკოლაში მიყვანის/სკოლიდან წაყვანისათვის (ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით), ერთდროულად დიდი რაოდენობით ადამიანების შეჯგუფების შემცირები მიზნით.
  • გამოიყენეთ ნიშნები, მონიშვნები სავალ ზედაპირზე, ლენტი, ბარიერები და სხვა საშუალებები, შესასვლელების გარშემო რიგებში 1 მეტრიანი დაშორების შენარჩუნებისათვის.
  • იმსჯელეთ ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილების წარმართვის საკითხზე
  • გაკვეთილები ჩაატარეთ ღია ცის ქვეშ ან მაქსიმალურად გაანიავეთ ოთახები
  • მოსწავლეებს ურჩიეთ, სკოლიდან გასვლის შემდეგ დიდ ჯგუფებად არ შეიკრიბონ.
     

რა უნდა გააკეთოთ

მოსწავლეების მიერ წესების დაცვის წახალისებისათვის შესაძლოა გამოსადეგი იყოს ბავშვებთან ერთად სიის შექმნა, სადაც აისახება, თუ რა უნდა გააკეთონ და რა არა. ერთად მოამზადეთ სია, სადაც მიეთითება, თუ როგორ უნდა მიესალმონ მოსწავლეები ერთმანეთს; როგორ მოეწყობა მერხები; როგორი იქნება ფიზიკური დისტანციის დაცვის ზომები დიდი შესვენების დროს  (ვისთან ერთად ისხდებიან, ვისთან ითამაშებენ შესვენების დროს, როგორ დაგეგმონ დრო ისე, რომ კვირის განმავლობაში ყველა მეგობართან შეძლონ ურთიერთობა).

ჯანმრთელობა და ხელის ჰიგიენა

უმნიშვნელოვანესია მასწავლებლების როლი მოსწავლეების მიერ სიფრთხილის ზომების გაცნობიერებაში, რომლებიც მათ უნდა განახორციელონ კორონავირუსისაგან საკუთარი თავისა და სხვების დასაცავად; მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კლასში თქვენ მისცეთ ამისი მაგალითი.

ხელების დაბანა არის ერთ-ერთი უმარტივესი, შედარებით ხარჯთეფექტიანი და ქმედითი ზომა ბაქტერიების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის და მოსწავლეებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ასწავლეთ ხელების დაბანის ხუთი ნაბიჯი

1. დაისველეთ ხელები უვნებელი, გამდინარე წყლით

2. წაისვით საკმარისი ოდენობის საპონი, რომელიც სველ ხელებს დაფარავს

3. კარგად დაიიმუშავეთ ხელის ყველ უბანი - ხელის მტევნის ზურგი, ადგილები თითებს შორის და ფრჩხილების ქვეშ -- არანაკლებ 20 წამის განმავლობაში. შეგიძლიათ მოსწავლეებს მოუწოდოთ, ხელების დაბანისას წაიღიღინონ პატარა სიმღერა, რათა სახალისო ჩვევად იქცეს.

4. საპონი კარგად ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.

5. გაიმშრალეთ ხელები ქსოვილის სუფთა პირსახოცით ან ქაღალდის ერთჯერადი ხელსახოცით.

თუ სკოლაში შეზღუდულია ხელსაბანის, გამდინარე წყლის ან საპნის ხელმისაწვდომობა, ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, სპირტის მინიმუმ 60 პროცენტის შემცველობით.

 

იცოდით? ცივი წყალი და თბილი წყალი თანაბრად ეფექტურია ბაქტერიებისა და ვირუსების დასახოცად - იმ პირობით, თუ საპონს იყენებთ!

 

წაიკითხეთ: "ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ხელის დაბანის შესახებ, რომ თავი დავიცვათ ვირუსისგან"

 

წაახალისეთ მოსწავლეები, ჩვევად გაიხადონ რეგულარულად ხელების დაბანა ან/და ხელის სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება ძირითად მომენტებში, როგორიცაა საკლასო ოთახში შესვლის და საკლასო ოთახიდან გამოსვლისას; ზედაპირებთან, სასწავლო მასალებთან, წიგნებთან შეხების შემდეგ, და ცხვირის მოსახოცად ქაღალდის ხელსახოცის გამოყენების შემდეგ.

დახველებისას ან/და დაცემინებისას მოსწავლეებმა პირზე იდაყვი უნდა მიიფარონ. თუმცა, თუ შემთხვევით ბავშვი ხელში/ხელზე დააცემინებს ან დაახველებს, უთხარით, რომ მაშინვე დაიბანოს ხელები ან გაიწმინდოს ხელები სადეზინფექციო საშუალებით. თუ მოსწავლე დააცემინებს ან დაახველებს ქაღალდის ხელსახოცში, მან ხელსახოცი მყისიერად უნდა გადააგდოს და მაშინვე დაიბანოს ხელები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ნორმად აღიქვან ხელების ხშირად და რუტინულად დაბანა.

ურჩიეთ მოსწავლეებს, რომ თუნდაც სუფთა ხელებით, მოერიდონ თვალებზე, ცხვირზე და პირზე ხელით შეხებას. ამ ადგილებიდან ბაქტერიები შეიძლება გადავიდეს სუფთა ხელებზე და ამგვარად გავრცელდეს მთელ კლასში.

ბავშვებს განუმტკიცეთ ხელების ხშირი დაბანის და სადეზინფექციო საშუალებით გაწმენდის ჩვევა და შეიძინეთ საჭირო ინვენტარი. ხელების დასაბანი წერტილები საპნითა და წყლით უნდა იყოს უზრუნველყოფილი და, თუ შესაძლებელია, ყველა საკლასო ოთახში, შესასვლელებთან და გასასვლელებთან, ასევე, სასადილოსთან და ტუალეტებთან, უნდა განთავსდეს სპირტის შემცველი ხელის სადეზინფექციო საშუალება.

 

რა უნდა გააკეთოთ

განსაზღვრეთ პრაქტიკული ნაბიჯები/აქტივობები მოსწავლეებისათვის ჰიგიენის სათანადო პრაქტიკის დემონსტრირებისათვის. მაგალითად:

  • ხელის ჰიგიენის თანმხლები სიმღერის შექმნა, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად იმღერებთ
  • ბავშვებს დაახატინეთ ხელის ჰიგიენის ამსახველი პოსტერები, რომლებსაც გააკრავთ საკლასო ოთახში
  • დააწესეთ ხელის ჰიგიენის რიტუალი. შეგიძლიათ შეარჩიოთ კონკრეტული დრო დღის განმავლობაში, როგორიცაა დიდ შესვენებამდე/დიდი შესვენების შემდეგ, როდესაც ყველა დაიბანს ხელებს/გაიწმენდს ხელებს სადეზინფექციო საშუალებით
  • ფიზიკურად უჩვენეთ ბავშვებს, როგორ უნდა დაიბანონ ხელები და გაიწმინდონ ხელები სადეზინფექციო საშუალებით
  • კლასში დანერგეთ ქულების სისტემა, ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვები დაიბანენ ხელებს ან გაიწმენდენ ხელებს სადეზინფექციო საშუალებით, დაუწერეთ ქულები

მოსწავლეებს დაამზადებინეთ განცხადება ხელის ჰიგიენის შესახებ და განათავსეთ ეს პოსტერები/განცხადებები საკლასო ოთახში ან სკოლაში თვალსაჩინო ადგილებში

 

პირბადის ტარება სკოლაში

თუ თქვენს სკოლაში რეკომენდებულია ქსოვილის პირბადის ტარება, მაშინ ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როდის უნდა ეკეთოთ პირბადე, ასევე, სკოლაში დადგენილი შესაბამისი წესები, მაგ, გამოყენებული პირბადის უსაფრთხოდ განკარგვა, საკლასო ოთახებში და სათამაშო მოედნებზე დაბინძურებული პირბადეებით გამოწვეული რისკის თავიდან აცილებისათვის.

მოსწავლეებთან განიხილეთ პირბადის სწორად გამოყენებისა და შენახვის თემა.

მაქსიმალურად უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ პირბადემ ხელი არ შეუშალოს ბავშვს სწავლაში. დაუშვებელია ბავშვისათვის განათლების ხემლისაწვდომობაზე უარის თქმა პირბადის ტარების გამო ან თუ ბავშვს არ აქვს პირბადე, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ან თუ ვერ იშოვა.

თუ თქვენს კლასში არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, როგორიცაა სმენადაქვეითებული ან სმენის პრობლემების მქონე ბავშვები, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ: პირბადის გამოყენების გამო და ფიზიკური დისტანციის გამო ამ ბავშვებმა შესაძლოა ვერ გაიგონ სამეტყველო სიგნალი, ვინაიდან ვერ მოახერხებენ ტუჩების მოძრაობის წაკითხვას და მოსაუბრის გამომეტყველების დანახვას. ქსოვილის პირბადის ალტერნატივის სახით შესაძლებელია ადაპტირებული პირბადეების გამოყენება (მაგ., გამჭვირვალე პირბადეები) ან სახის დამცავი ფარის გამოყენება, რომლებიც შესაძლებელს გახდის ტუჩების მოძრაობის წაკითხვას.

გაწმენდა და დეზინფიცირება

ინფორმაცია საკლასო ოთახში სანიტარიული პირობების უზრუნველყოფისა და სისუფთავის დაცვის შესახებ.

იმ ზედაპირებისა და საგნების ყოველდღიურად გაწმენდა და დეზინფიცირება, რომლებსაც ხშირად ეხებიან, როგორიცაა მერხები, სხვა ზედაპირები, კარების სახელურები, კომპიუტერის კლავიატურა, პრაქტიკული სასწავლო მასალა, ტელეფონები და სათამაშოები.

მყისიერად გაწმინდეთ ხილულად დასვრილი ზედაპირები და საგნები. თუ ზედაპირები ან საგნები დასვრილია სხეულის ბიოლოგიური სითხეებით ან სისხლით, სითხესთან კონტაქტის თავიდან აცილებისათვის გამოიყენეთ ხელთათმანები და სიფრთხილის სხვა სტანდარტული ზომები. მოაცილეთ დაღვრილი სითხე, შემდეგ გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირს.

 

გამოიყენეთ სათანადო საწმენდი საშუალებები და მასალა

  • აუცილებლად გაეცანით ეტიკეტზე მოცემულ ინსტრუქციას და გაარკვიეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ მოცემული საშუალება უსაფრთხოდ და სათანადოდ
  • დაიცავით ეტიკეტზე მითითებული ინსტრუქცია
  • საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებებით სარგებლობისას ხშირად საჭიროა ხელთათმანების ან თვალის დამცავის გამოყენება. მაგალითად, მათეთრებელი საშუალებებით სარგებლობისას, ხელების დასაცავად აუცილებელია ხელთათმანების გამოყენება
  • არ შეურიოთ საწმენდი საშუალებები და სადეზინფექციო საშუალებები, თუ ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ მათი შერევა უსაფრთხოა. გარკვეული პროდუქციის (როგორიცაა ქლორიანი მათეთრებელი და ამიაკიანი საწმენდი საშუალებები) შერევამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან ფატალური შედეგი
  • შესაძლებელია ასევე განზავებული საყოფაცხოვრებო მათეთრებელი საშუალებების გამოყენება, თუ იგი შეესაბამება გასაწმენდ ზედაპირს
  • ეტიკეტზე შეამოწმეთ, მათეთრებელი განკუთვნილია თუ არა სადეზინფექციოდ და დარწმუნდით, რომ მასში ნატრიუმის ჰიპოქლორიტის კონცენტრაცია 0.5%-ია. საშუალება არ უნდა იყოს ვადაგასული. ზოგიერთი საყოფაცხოვრებო მათეთრებელი საშუალება, მაგ., რომლებიც უსაფრთხოა ფერადი ტანსაცმლისათვის ან მათეთრებლად გამოსაყენებლად, შესაძლოა არ იყოს გამოსადეგი სადეზინფექციოდ
  • საყოფაცხოვრებო მათეთრებელი კორონავირუსების წინააღმდეგ ეფექტური იქნება მისი სათანადოდ განზავების შემთხვევაში
  • დაიცავით მწარმოებლის ინსტრუქცია მოხმარებასა და სივრცის სათანადო განიავებასთან დაკავშირებით. არასოდეს შეურიოთ საყოფაცხოვრებო მათეთრებელი ამიაკთან ან რომელიმე სხვა საწმენდ საშუალებასთან
  • საწმენდი ხსნარი ზედაპირზე დატოვეთ მინიმუმ 1 წუთის განმავლობაში.

 

რა უნდა გააკეთოთ

  • მოიფიქრეთ სახალისო და ორიგინალური/კრეატიული იდეები და წესები თქვენს მოსწავლეებთან, სკოლაში/საკლასო ოთახში მაღალი რისკის შემცველი ადგილების ან ისეთი საგნების/ადგილებისთვის თავის ასარიდებლად, რომლებსაც ხშირად ეხებიან. მაგალითად, როგორ ავიდნენ და ჩამოვიდნენ კიბეებზე მოაჯირის გამოყენების გარეშე, ან საკლასო ოთახის კარების ღია დატოვება, რათა არ მოუწიოთ კარების სახელურზე ხელის მოკიდება
  • ერთად მოიფიქრეთ წესები, დაწერეთ ისინი ქაღალდის დაფის ფურცელზე („ფლიპჩარტზე“) და გააკარით საკლასო ოთახის კედლებზე
  • შექმენით სახალისო შეხსენება/პოსტერები სანიტარიული წესების შესახებ, რომლებსაც განათავსებთ დერეფნებში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოსწავლე შეუძლოდ იგრძნობს თავს

კორონავირუსის სიმპტომების იდენტიფიცირება

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია ცხელება, ხველა და დაღლილობა. სხვა შესაძლო სიმპტომებია სუნთქვის უკმარისობა, გულმკერდის არეში ტკივილი ან დაჭიმულობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, გემოს ან სუნის შეგრძნების დაკარგვა, გონების დაბინდვა, ყელის ტკივილი, ცხვირის დახშობა ან სურდო, დიარეა, გულისრევა და პირღებინება, ტკივილი მუცლის ღრუში და გამონაყარი კანზე.

სკოლაში გასატარებელი მოსამზადებელი სამუშაოები და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ რომელიმე მოსწავლეს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი

  • სკოლაში ბავშვებისათვის მოსაცდელი ოთახის მოსაწყობად გამოყავით კონკრეტული სივრცე (მაგ., შესასვლელთან ახლოს). საუკეთესოა, თუ ეს ოთახი კარგად ნიავდება. თუ სკოლაში არიან ექთნები, რეკომენდებულია, მოსაცდელი სივრცე მათ ჩააბაროთ. თუ მოსწავლე ავად გახდება ან/და კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება, იგი საამისოდ გამოყოფილ ოთახში უნდა დაელოდოს მშობელს/აღმზრდელს. ბავშვის წაყვანის შემდეგ, ოთახი უნდა გასუფთავდეს, ჩაუტარდეს დეზინფექცია და სანიტარიული დამუშავება.
  • შეუძლოდ მყოფ მოსწავლეს გადაეცით სამედიცინო პირბადე, ასეთის ადგილზე არსებობის შემთხვევაში
  • გაითვალისწინეთ, რომ შეგიძლიათ ყოველდღიურად აწარმოოთ სხეულის ტემპერატურის კონტროლი, და გადაამოწმოთ ცხელების ან ცხელების სიმპტომების არსებობა ბოლო 24 საათის განმავლობაში, შენობაში შესვლისას ყველა თანამშრომლის, მოსწავლის და ვიზიტორისათვის, რათა გამოავლინოთ პირები, ვინც ავად არის
  • აუცილებელია, არსებობდეს პროცედურა ავადმყოფი მოსწავლეების და თანამშრომლების განცალკევებისათვის იმ მოსწავლეებისა და თანამშრომლებისაგან, ვინც კარგად გრძნობს თავს - სტიგმის შექმნის გარეშე - და მშობლების ინფორმირების, ასევე, ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან/ჯანდაცვის ორგანოებთან კონსულტაციების პროცესი, როდესაც ეს შესაძლებელია.
  • სიტუაციის/კონტექსტიდან გამომდინარე, შესაძლებელია საჭირო გახდეს მოსწავლეების/თანამშრომლების პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა, ან სახლში გაშვება
  • მოუწოდეთ ყველა მოსწავლეს, შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში და თვითიზოლაციაში
  • თუ დადგენილია ტემპერატურის კონტროლის მოთხოვნა, შექმენით შესაბამისი პროცედურის სტანდარტი
  • წინასწარ გააცანით პროცედურები მშობლებს და მოსწავლეებს.

ყოფილა ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი დაავადების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან. თუ მოსწავლეს აღენიშნება გამონაყარი, მაღალი წნევა, ან კუჭ-ნაწლავის მწვავე პრობლემები, ეს შესაძლოა მიანიშნებდეს მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე და დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

რა უნდა გააკეთოთ

შექმენით ინფექციის კონტროლის გეგმა. რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამთ, თუ მოსწავლე საგაკვეთილო პროცესის დროს შეუძლოდ იგრძნობს თავს? გაითვალისწინეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ იმ მომენტიდან, როდესაც მოსწავლე გეტყვით ამის შესახებ.

 

<COVID-19 გვერდზე დაბრუნება