ვსწავლობთ თამაშით

საქართველოში თხუთმეტი სკოლა ახალი ციფრული სასწავლო პროგრამის „ვსწავლობთ თამაშით“ მოდელირებას ახორციელებს.

ინგე სნიფი იუნისეფ საქართველოსთვის
ბიჭი კლასში
UNICEF/GEO-2019/Robakidze

08 ივლისი 2019

საქართველოში თხუთმეტი სკოლა ახალი ციფრული სასწავლო პროგრამის „ვსწავლობთ თამაშით“ მოდელირებას ახორციელებს. ეს არის იმ მრავალი ინოვაციიდან ერთ-ერთი, რომელსაც ესტონურ-ქართული თანამშრომლობის პროგრამა სთავაზობს სკოლებსა და მოსწავლეებს ზოგადი განათლების სფეროში.

ნიკოლოზი, 10 წლის მეოთხეკლასელი თბილისის #123-ე საჯარო სკოლაში, ფრთხილად შლის თავის „ბუქს“ - მცირე ზომის ელექტრონულ პლანშეტს, რომელსაც საქართველოში ყველა მოსწავლე  იღებს სახელმწიფოსაგან. „ეს ქლიავის ხეა და აქ კი გოგონაა“, აღწერს ნიკოლოზი თავის ნახატს პლანშეტზე და თითით აჩვენებს  სხვადასხვა დეტალს: „და აქ არის მეფე, რომელსაც გოგონა ქლიავებს ესვრის“.

ამბავს, რომელიც ნიკოლოზმა ციფრულ სასწავლო პროგრამაში გააცოცხლა, ქართულის ენის გაკვეთილზე გადიან: ისტორიული ამბავი, რომელიც წარმოაჩენს სიმამაცისა და მოლაპარაკებების მნიშვნელობას  და იმას, თუ როგორ არ უნდა გამოიწვიოს გაუგებრობამ განრისხება.

Nikoloz shows his work
UNICEF/GEO-2019/Robakidze

კომპიუტერების ოთახში - სკოლის ბოლო სართულზე მდებარე საკლასო ოთახი ქათქათა თეთრი კედლებით, კომპიუტერის სქემის ლურჯი ფერის ნახატით, შთამაგონებელი ფორმის მაგიდებით და ელექტრონული დაფით -  კლასმა  ეს ამბავი ჯერ  ქართული ენის მასწავლებელთან განიხილა. ისაუბრეს ამბის სხვადასხვა დეტალზე და მათ მნიშვნელობაზე.

ყველა ბავშვი ენთუზიაზმით იწევდა ხელს თავისი მოსაზრებებისა და პოზიციის გამოსახატად. ოდნავ მოგვიანებით, კლასი კონცენტრირდა ამბის მათეული ინტერპრეტაციის ვიზუალიზაციაზე. ისეთი სიჩუმე იდგა, ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდი.

boy holds his hands up
UNICEF/GEO-2019/Robakidze

ეს ტიპიური სასკოლო დღე როდია ქვეყანაში, მაგრამ #123-ე საჯარო სკოლა მონაწილეობს პილოტურ პროექტში, რომელიც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდს, ესტონეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. ახლად შემუშავებული საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ბავშვებს შეუძლიათ საკუთარი ამბების შექმნა კლასში გავლილი მასალის საფუძველზე.

ჩვეულებრივ სასწავლო გეგმაში ამ ელექტრონული პროგრამის დანერგვის იდეა ნათელია: ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა და ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც მათ იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურავს, რაც  აუცილებელია წარმატებისთვის 21-ე საუკუნეში.

Boy at laptop
UNICEF/GEO-2019/Robakidze

საქართველოში ინოვაციების დანერგვა ბევრ სკოლას უჭირს, რადგან წარსულში აქცენტი გამეორებაზე, დისციპლინასა და წესრიგზე კეთდებოდა. თუმცა, ახალი პილოტური პროგრამა ამ მიდგომას არ იყენებს. იმედია, რომ ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოს 15 სკოლაში აჩვენებს, რომ  მას რეალური ცვლილებების  მოტანა შეუძლია. წელს, მთავრობა ამ პროგრამის გაფართოებას გეგმავს 150 სკოლაში და მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებულ ყველა სკოლას მოიცავს.

#123-ე საჯარო სკოლაში ამ პროექტს სიხარულით შეხვდნენ დირექტორი თამარ ლოსაბერიძე და სკოლის მასწავლებლები.

„ათი წლის წინ მასწავლებლები ამის საჭიროებას ვერ აცნობიერებდნენ“

თამარ ლოსაბერიძე

„ათი წლის წინ მასწავლებლები ამის საჭიროებას ვერ აცნობიერებდნენ“, ამბობს თამარი ახალი მეთოდოლოგიების დანერგვისა და მასწავლებლების ტრენინგების შესახებ, „თუმცა, ამჟამად, ყველა დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი სწავლების მეთოდების გაუმჯობესების მიმართ“.

როდესაც შესვენების ზარი რეკს,  მეოთხეკლასელები ხმას არ იღებენ და შესვენების დროსაც კი განაგრძობენ მუშაობას თავიანთ ვიზუალურ ისტორიებზე. კარს მიღმა ისმის ბავშვების საუბრის, სიცილის, სიარულისა და დერეფანში სირბილის მხიარული ხმები, მაგრამ ეს კლასს სულაც არ ადარდებს: მათ უფრო საინტერესო სამუშაო აქვთ.

ციფრული სასწავლო პროგრამა, რომლითაც მოსწავლეები მუშაობენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავდა, ზოგადი განათლების სფეროში ესტონეთი-საქართველოს სამწლიანი თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში.

Pupils in class
UNICEF/GEO-2019/Robakidze

„ისეთი საგანმანათლებლო რესურსები, როგორიც ეს ციფრული პროგრამაა, ეხმარება მასწავლებლებს ტექნოლოგიების გამოყენებაში მოსწავლეების  ჩართულობის გასაზრდელად და მათ მოსამზადებლად მომავლისთვის - ციფრული მომავლისთვის."

ღასან ხალილი

„ისეთი საგანმანათლებლო რესურსები, როგორიც ეს ციფრული პროგრამაა, ეხმარება მასწავლებლებს ტექნოლოგიების გამოყენებაში მოსწავლეების  ჩართულობის გასაზრდელად და მათ მოსამზადებლად მომავლისთვის - ციფრული მომავლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში ყველა სკოლას ექნება შესაძლებლობა ასწავლოს ბავშვებს უნარები, რომლებიც მათ 21-ე საუკუნეში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ“, ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი.

ცხრა წლის ანასთვის, რომელიც შემართებით იწევს ხელს და ყოველ ჯერზე სკამიდან ხტება ვიზუალიზაციის სავარჯიშოსთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობისათვის, ეს პროგრამა „ძალიან საინტერესოა.“ თავისი ვიზუალური ინტერპრეტაციის შესახებ საუბრისას, იგი ამბობს, რომ სურდა ამ ამბის რეალობაში დანახვა და ელექტრონული პროგრამის გამოყენებით, მან ეს შეძლო.

Ana
UNICEF/GEO-2019/Robakidze

მუქი ყავისფერი ხუჭუჭთმიანი, ათი წლის მიშა გამართული ინგლისურით ამბობს, რომ ახალ კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა „ძალიან სახალისოა“.

თუმცა, პროგრამის გამოყენებით ყველაზე აღფრთოვანებული ნიკოლოზია, რომელსაც თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატვა და რაგბის თამაში. იგი აღტაცებით უყვება კლასს ამბავს თავისი ციფრული ნახატის მეშვეობით.

„ზოგჯერ ძალიან მიჭირს რაღაცების გახსენება, მაგრამ როდესაც ვხატავ, მახსენდება“, ამბობს იგი, „და ახლა ამ ამბავს დავიმახსოვრებ, რადგან ჩემი ნახატით გავიხსენებ“.

აღმოაჩინე მეტი