დიდი ზომის სახელმწიფო ბავშვთა სახლებიდან საოჯახო ტიპის მომსახურებაზე გადასვლა

სახელმწიფოსა და კერძო სექტორების თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცხოვრებას ცვლის

ინგე სნიფი იუნისეფ საქართველოსთვის
RD visits specialized Family Type service
UNICEF/Geo-2019/Jibuti

25 აპრილი 2019

18 აპრილი, 2019

ამ ერთსართულიან  სახლში  შესვლისას პირველი, რაც თვალში გვხვდება, ნათელი, რბილი და წყნარი ფერების სიუხვეა. მთელი შენობის დიზაინი საოჯახო გარემოს იმიტირებას ახდენს. ცენტრში ყოფნისას თავს სახლში გრძნობ.

ნინო მყუდრო, რბილი ოთახის შუაში ზის. ის რეზინის ფილებს ხელით სინჯავს და მათ სიმაღლეებსა და ტექსტურას შორის არსებულ მინიმალურ განსხვავებებს ყურადღებით აკვირდება. შემდეგ ის ხელზე ხელს ჰკიდებს იუნისეფის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორს აფშან ხანს, რომელიც რეზინის დასაფენზე მის გვერდით ზის.

ნინო მძიმე უნარშეზღუდულობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში გახსნილ საოჯახო ტიპის სპეციალიზებულ მომსახურებაში ცხოვრობს. ეს თბილისში პირველი დაწესებულებაა, სადაც ბავშვები საოჯახო გარემოში ინდივიდუალურ დახმარებას იღებენ  და ამავე დროს ხელი მიუწვდებათ სამედიცინო მომსახურებაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად.  

specialized family-type services
UNICEF/Geo-2019/Jibuti
გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებას ესტუმრა.

აფშან ხანი ამბობს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს განსაკუთრებული მიდგომა აქვს ოჯახურ ზრუნვას მოკლებული ბავშვების მიმართ. მისი თქმით, საკუთარ ოჯახში ცხოვრება ყველა ბავშვისთვის საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ თუკი ეს შეუძლებელია, გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს თემში, ოჯახურთან მიახლოებულ გარემოში, ბავშვზე ალტერნატიულ ზრუნვას.

შვიდი წლის ნინოს ეპილეფსია, ცერებრალური დამბლა და მნიშვნელოვნად დაქვეითებული ინტელექტუალური და ადაპტაციური ფუნქციები აქვს. ოჯახს რომელშიც ნინო დაიბადა, მასზე ზრუნვა არ შეეძლო, რის გამოც გოგონა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის განკუთვნილ დიდ სახელმწიფო დაწესებულებაში აღმოჩნდა, სადაც ის 50 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა და ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო ზრუნვასა და ყურადღებას ვერ იღებდა. მის გარშემო მყოფი ბავშვების უმრავლესობის მსგავსად, დაწესებულებაში განთავსების დღიდან ნინო არ ლაპარაკობდა, არ მოძრაობდა, არ იღიმებოდა და არ ტიროდა.

მაგრამ ახლა, საოჯახო ტიპის მომსახურებაში გადმოსვლიდან რამდენიმე თვეში, ნინოს თვალები გაუნათდა, ის სხვადასხვა ტექსტურას გრძნობს, სამყაროს შეხებით, ჩახუტებით და თვალის კონტაქტით შეიცნობს და იღიმება.

„მას ხელში აყვანა და ხელით შეხება უყვარს” - ამბობს ლალი ცერცვაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი, რომელიც მომსახურებას უწევს  ცენტრს.

მომვლელები ამბობენ, რომ ნინო და ცენტრში მცხოვრები კიდევ ექვსი ბავშვი ინდივიდუალურ მომსახურებას და ფსიქო-სოციალურ დახმარებას იღებენ. ამასთან ერთად, ცენტრი თითოეულ ბავშვს განვითარებისა და სოციალური ჩართულობისთვის საჭირო გარემოს უქმნის. ნინოს ცვლილებები სულ 2 კვირაში დაეტყო – გოგონამ თავის მომვლელთან ურთიერთობა დაიწყო.

სპეციალიზებული ცენტრი არა მხოლოდ მოწყვლადი ბავშვების ცხოვრებას გარდაქმნის – ის აგრეთვე იმ ძლიერი გავლენის თვალსაჩინო მაგალითს იძლევა, რომელიც კერძო სექტორის, მთავრობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და საერთაშორისო ინსტიტუტების თანამშრომლობამ შეიძლება მოახდინოს პროექტების განხორციელების სისწრაფესა და ბავშვებისთვის პოზიტიური ცვლილებების დანერგვის საქმეში.

 

Regional Director of UNICEF visits specialized family-type service
UNICEF/Geo-2019/Jibuti
სერვისი საქართველოს მთავრობის, გაეროს ბავშვთა ფონდის, USAID-ის და „M2 უძრავი ქონების” პარტნიორობით აშენდა.

გაეროს ბავშვთა ფონდმა ცენტრისთვის დახმარების გაწევის თხოვნით კომპანიას „M2 უძრავი ქონება მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ კერძო სექტორთან თანამშრომლობის ინტერესი გამოთქვა. სამშენებლო კომპანიამ მომსახურებისთვის შენობის დაპროექტებისა და მშენებლობის ხარჯები მთლიანად დაფარა.  

საქართველოს მთავრობამ ცენტრისთვის ტერიტორია და ბავშვებზე ზრუნვის ხარჯების მდგრადი დაფინანსება გამოყო, ხოლო გაეროს ბავშვთა ფონდმა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ მომსახურებას ტექნიკური და ფინანსური დახმარება აღმოუჩინა.

ნინოსთან და სხვა ბავშვებთან შეხვედრის შემდეგ „M2 უძრავი ქონების” გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე ემოციებს ვერ ფარავდა.  „ვიცოდი, რომ ბავშვებს ვეხმარებოდით, მაგრამ არ მოველოდი, რომ ეს პროექტი ამდენად დიდ ზემოქმედებას მოახდენდა და მათ ცხოვრებას ასე რადიკალურად შეცვლიდა“.

“როდესაც ამ ბავშვებს ვუყურებ, ძალიან ბედნიერი ვარ ” - ამბობს თამარ ბარკალაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. მისი აზრით, მსხვილი ინსტიტუტების დახურვა, ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირება და ამ ახალი ცენტრის შექმნა შეუძლებელი იქნებოდა პოლიტიკური ნების გარეშე და გაეროს ბავშვთა ფონდის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების გარეშე.

“ეს ძალიან ეფექტური მოდელია, რომელიც შეიძლება გადმოღებულ იქნას და დაინერგოს როგორც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, ასევე მთელს რეგიონში”

აფშან ხანი, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური დირექტორი

ნინო, რომელსაც არც სიარული შეუძლია და არც ლაპარაკი, აფშან ხანის გვერდით რბილ იატაკზე იჯდა, თამაშისთვის განკუთვნილ ოთახში. ვიდრე უფროსები საუბრობდნენ, ბავშვი იკვლევდა, სწავლობდა, ათვალიერებდა და შეიგრძნობდა - ამის შესაძლებლობა ნინოს მისი ცხოვრების პირველი ექვსი წლის მანძილზე არ არასდროს ჰქონია.