გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობა რელიგიურ ლიდერებთან ბავშვის უფლებათა განსახორციელებლად

თბილისში გამართული რელიგიათაშორისი კონფერენცია ბავშვის უფლებების საკითხებზე

იუნისეფი საქართველო
Inter-Religious Conference
UNICEF/GEO-2020/Blagonravova
13 თებერვალი 2020

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) და საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ოფიციალური პარტნიორობის ფარგლებში,  აგრძელებენ მუშაობას რელიგიურ ლიდერებთან საქართველოში ბავშვის უფლებათა პოპულარიზაციისა და დაცვის მიზნით.

ორმხრივი პარტნიორობის უახლესი გამოვლინებაა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილეს. ღონისძიება 3 თებერვალს ჩატარდა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური ლიდერები და დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განხილული იქნა და საგანგებოდ აღინიშნა შემდეგი საკითხები: ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავი, კონვენციასთან დაკავშირებული მიღწევები და გამოწვევები საქართველოში, ახლახან მიღებული საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიური ლიდერის თვალსაზრისით და რელიგიური ლიდერების როლი ბავშვის უფლებათა დაცვასა და განხორციელების ხელშეწყობაში.

Ghassan Khalil on inter-religious conference
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

კონფერენცია გახსნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, ზაზა ვაშაყმაძემ. მან მოკლედ ისაუბრა სააგენტოსა და იუნისეფს შორის დამყარებული ოფიციალური პარტნიორობის მიმდინარეობასა და მიღწევებზე. ეს პარტნიორობა 2019 წლის სექტემბერში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით დაიწყო. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე ილაპარაკა რელიგიური ლიდერებისთვის ბავშვის უფლებების შესახებ წარმატებით ჩატარებული და მიმდინარე ტრანინგებისა და სემინარების შესახებ და აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხრიდან ამ საქმიანობის უწყვეტი მხარდაჭერა.

„ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას რელიგიურ ლიდერებთან და გვინდა, რომ მან ბავშვებისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანოს“

ღასან ხალილი

„ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას რელიგიურ ლიდერებთან და გვინდა, რომ მან ბავშვებისთვის ხელშესახები შედეგები მოიტანოს,“ - განაცხადა კონფერენციის  მისასალმებელ სიტყვაში იუნისეფის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „ჩვენ წამოვიწყეთ ღია და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი ყველა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებთან, რათა მათი გავლენა მიმართული იყოს მათ თემებში ბავშვის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობასა და ამ უფლებების დარღვევის აღმოფხვრაზე. დიდ იმედს გვისახავს ის, რაც სემინარებზე ვნახეთ. იუნისეფი გააღრმავებს თანამშრომლობას  სხვადასხვა კონფესიის რელიგიურ ლიდერებთან საქართველოში ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად. რელიგიური ლიდერები ძალიან ახლოს არიან თავიანთ თემებთან, ოჯახებთან და მათ შეუძლიათ ვითარების შეცვლა.“

100 მართლმადიდებელი ქრისტიანი მღვდლის, მუსლიმი მუფთიების და იმამების, ასევე საქართველოში არსებული ლუთერანული ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობით იუნისეფმა უკვე  ოთხი სემინარი გამართა და კიდევ იგეგმება 2020 წელსაც.

Inter-Religious Conference
UNICEF/GEO-2020/Blagonravova

სოფიო კილაძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე საგანგებოდ აღნიშნა ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებში პარტნიორობის მნიშვნელობა და წარმატება. „შეუძლებელია საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვაზე ლაპარაკი რელიგიური ლიდერების ჩართულობის გარეშე,“ - აღნიშნა მან კონფერენციაზე თავის გამოსვლაში. „ ამიტომ გთხოვეთ ბავშვის უფლებათა კოდექსის შედგენაში მონაწილეობის მიღება. მუშაობისას საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. ასევე, დაგვეხმარნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოში როგორც იუნისეფის, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.“

საქართველოში ბავშვის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობისა და დაცვის მიზნით რელიგიურ ლიდერებთან თანამშრომლობის ინიციატივა თავად კონფერენციაში მონაწილე რელგიური ლიდერების მიერაც საგანგებოდ აღინიშნა.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და იუნისეფი ერთად მუშაობენ ბავშვის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობის საქმეში“

მამა გიორგი ფირცხელანი

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და იუნისეფი ერთად მუშაობენ ბავშვის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობის საქმეში“, - აღნიშნა მამა გიორგი ფირცხელანმა, საქართველოს  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულების უფროსმა. „ამავე დროს, ჩვენ ვაფასებთ ყველა რელიგიურ დენომინაციასთან მნიშვნელოვან თანამშრომლობას. იუნისეფის სემინარებმა დიდი დახმარება გაუწიეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი რელიგიების წარმომადგენლებს და ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას.“

„სემინარები ჩვენი რელიგიური ლიდერებისთვის ბათუმში ძალზე შთამბეჭდავი იყო,“ - განაცხადა ადამ შანთაძემ, მუფთიმ საქართველოს ყველა მუსლიმთა სამმართველოდან. „ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისუფალი, განათლებული, სულიერად გაწონასწორებული მომავალი თაობები გადაარჩენენ.“

„ჩვენ, როგორც რელიგიური თემები, ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ბავშვის უფლებები,“ - აღნიშნა მარკუს შოხმა, საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში მოქმედი ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა. „ძალიან სასარგებლო იქნებოდა ტრენინგები საკვირაო სკოლისა და ახალგაზრდა ლიდერებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა სექსუალური შეურაცხყოფა და ძალადობა.“

გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახელმწიფო სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობა რელიგიურ ლიდერებთან  საქართველოში ბავშვის უფლებათა განხორციელების ხელშეწყობის საქმეში მოიცავს შემდგომ ტრენინგებს, ყველა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა მიერ ბავშვის უფლებათა დეკლარაციის ხელმოწერას და წერილობითი ნაშრომების კრებულის გამოცემას თემაზე, თუ როგორ აისახება ბავშვის უფლებების დაცვა სხვადასხვა რელიგიაში.

UNICEF