ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წითელას ეპიდემიის შესაჩერებლად

ვაქცინების შესყიდვა მუდმივად ბალანსირებული პროცესია, რომელიც მოითხოვს დაავადების ტრაექტორიაზე დაკვირვებას, მონაცემებზე დაფუძნებული პროგნოზის გაკეთებას და გადაწყვეტილებების მიღებას.

UNICEF Supply Division
Child gets vaccinated
UNICEF/Geo-2019/Jibuti

22 ივლისი 2019

ვაქცინების შესყიდვა მუდმივად ბალანსირებული პროცესია, რომელიც მოითხოვს დაავადების ტრაექტორიაზე დაკვირვებას, მონაცემებზე დაფუძნებული პროგნოზის გაკეთებას და საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღებას. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია ვაქცინების ხელმისაწვდომობა, რაც მიიღწევა მწარმოებლებთან ძლიერი კავშირის დამყარებით.

იუნისეფი ამარაგებს ვაქცინებით მსოფლიოს 5 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის ნახევარს. ბოლო ხუთი  ათწლეულის  განმავლობაში წითელას ვაქცინები  ფართოდ ხელმოსაწვდომი გახდა. ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 2000-2017 წლებში 80 პროცენტით შემცირდა.   

მაგრამ დაავადებით გამოწვეული  საფრთხე არ გამქრალა. 2017 წელს წითელას შედეგად დაახლოებით 110 000 ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელია ვაქცინაციით. მსხვერპლთა უმრავლესობა ბავშვია, საშუალოდ დღეში 300 ბავშვი იღუპებოდა  წითელათი გამოწვეული გართულების შედეგად.

2018 წელს საქართველოში წითელას ეპიდემიამ 2 200-ზე მეტი მამაკაცი, ქალი და ბავშვი მოიცვა წლის განმავლობაში. ვაქცინაციის არასაკმარისი დონე ეპიდემიის გავრცელების ხელშემწყობი მიზეზი იყო.

შედეგად, მოულოდნელად  გაიზარდა მოთხოვნა ვაქცინაზე და საქართველოს რუტინული იმუნიზაციის მარაგი არასაკმარისი აღმოჩნდა ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. იუნისეფმა შეძლო მთავრობისთვის დახმარების გაწევა და მისი სახელით შეიძინა საგანგებო მდგომარეობისას საჭირო ვაქცინის დოზები. ვაქცინის მწარმოებელთან არსებული მოქმედი გრძელვადიანი შეთანხმების პირობების მიხედვით იუნისეფს შეეძლო 100 000 დოზის შეძენა გაუთვალისწინებელი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მწარმოებელთან  ძლიერი კავშირების არსებობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა და შესაძლებელი გახადა ასეთი სწრაფი რეაგირება.    

vaccination
UNICEF/Geo-2019/Jibuti

როდესაც ქვეყნები აძლიერებენ ჯანდაცვის სისტემას და ახორციელებენ რუტინულ იმუნიზაციას, დაავადების რისკი მცირდება. თუმცა, თუ იმუნიზაციის დაფარვის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორიც უნდა იყოს, მოსახლეობა შეიძლება აღმოჩნდეს ეპიდემიის რისკის წინაშე. დაფარვის დაბალი მაჩვენებლის შედეგად საშუალო და მაღალი შემოსავლების ქვეყნებშიც კი, სადაც ჯანდაცვის სისტემა კარგადაა განვითარებული, მოსახლეობა ახლო წარსულში აღმოჩნდა წითელას განმეორებითი ეპიდემიის რისკის წინაშე.

წითელა იოლად გადამდები დაავადებაა, ამიტომ მოსახლეობის მინიმუმ 95 პროცენტი უნდა იყოს აცრილი  წითელას შემცველი ვაქცინის ორი დოზით. იმუნიზაციას სიკეთე მოაქვს მოსახლეობისთვის, ავადობის შემთხვევები სულ უფრო იშვიათი ხდება და ადამიანებს შეიძლება დაავიწყდეთ, რომ საფრთხე კვლავ არსებობს. ამის გამო მარაგის საჭირო რაოდენობის  განსაზღვრა შეიძლება რთული იყოს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ მათი პროგრამებისთვის საჭირო მარაგის დონის პროგნოზირებას.

მოთხოვნის გაურკვევლობამ შეიძლება  გავლენა იქონიოს მწარმოებლების მიერ საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების დაგეგმვაზე. თუ მწარმოებელი ზედმეტ პროდუქციას აწარმოებს, არსებობს ზარალის და გაზრდილი ხარჯის რისკი. თუ საჭიროზე ნაკლებს აწარმოებს, ვაქცინის დოზები არასაკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ ეპიდემიაზე რეაგირებისთვის, როგორსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში.

ზუსტი პროგნოზირება ასევე შეიძლება გახდეს ვაქცინის ფასის კლების ხელშემწყობი ფაქტორი. როდესაც მწარმოებელმა ზუსტად იცის რამდენი ვაქცინა უნდა აწარმოოს, მისი საწარმოო ხაზის ეფექტურობა უფრო მაღალი, ხარჯი კი ნაკლები იქნება.

ვაქცინის უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში  იუნისეფი მუდმივად თანამშრომლობს ვაქცინის მომწოდებლებთან რომ უზრუნველყოს მოთხოვნის ცვლილებისას სწრაფი რეაგირება. მიწოდების კუთხით ბიზნესებთან მჭიდრო და   უწყვეტი თანამშრომლობით და იმუნიზაციის პროგრამების განხორციელებაში მთავრობების დახმარებით  იუნისეფი და პარტნიორები ყველა ზომას იღებენ, რომ დაიცვან ბავშვები დაავადებისგან, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია.  

აღმოაჩინე მეტი