ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავის აღნიშვნა საქართველოში

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება

UNICEF
boy in school
UNICEF/GEO-2019/Robakidze
04 დეკემბერი 2019

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30-ე წლისთავს (CRC@30) მთელ საქართველოში მრავალი აქტივობა, ინიციატივა და საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა. ეს იყო ლექციების ციკლი ბავშვის უფლებების თემაზე სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სემინარები რელიგიური ლიდერებისთვის, საჯარო ღონისძიებები, ჰაკათონი ახალგაზრდებისათვის, მოსწავლეების მიერ სკოლის მართვასა და მუშაობაზე ერთი დღით პასუხისმგებლობის აღება - კამპანია #ბავშვებიმართავენ, ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების პრეზენტაცია და დისკუსიები პოლიტიკოსებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.

ამ თარიღის საზეიმო აღნიშვნის ფარგლებში ძირითადი მიღწევა იყო სექტემბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღება. კოდექსი მრავალმხრივი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს საქართველოში ბავშვების ცხოვრება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეუერთდა გლობალურ დანაპირებს - ბავშვის უფლებათა კონვენციის სრულყოფილად განხორციელების ძალისხმევის გაღრმავებას, ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების მეშვეობით.

Ghassan Khalil in Parliament of Georgia
Parliament of Georgia
UNICEF Representative in Georgia Ghassan Khalil is adressing Parliament members on the occasion of the adoption of the Child Rights' Code. UNICEF Georgia/2019/Robakidze

კონვენციის საიუბილეო წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში იუნისეფი ხელს უწყობდა პარტნიორობების დამყარებას რელიგიურ ლიდერებთან და რელიგიის საკითხთა საქართველოს სახელმწიფო სააგენტოსთან. იუნისეფმა ორგანიზება გაუწია სემინარებს ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც ოთხმოცდაათზე მეტი რელიგიური ლიდერი დაესწრო მთელი საქართველოდან. სემინარებზე განიხილავდნენ ბავშვის უფლებათა კონვენციას, რელიგიურ ლიდერთა როლს ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში, განათლების ხარისხს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ არსებულ სტიგმას, ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ სოციალურ ნორმებს, ძალადობისაგან ბავშვთა დაცვას, ბავშვებისათვის საოჯახო სტრუქტურების მნიშვნელობას, ბავშვთა სიღარიბესა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. რელიგიურმა ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, კიდევ უფრო აამაღლონ საკუთარ თემებში ინფორმირებულობა ბავშვის უფლებათა შესახებ.

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით სტუდენტებმა და პროფესორებმაც მიიღეს: იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი ღასან ხალილი ეწვია რიგ უმაღლეს სასწავლებლებს და ჩაატარა ლექციები ბავშვის უფლებების შესახებ. ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებმა დადეს პირობა, რომ ბავშვის უფლებებს საკუთარ სასწავლო პროგრამებში შეიტანენ.

UNICEF

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩმა ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ახალი სეზონის გახსნითი კონცერტი ბავშვთა უფლებებს მიუძღვნეს. 1 ოქტომბერს გამართულ კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრა უნიჭიერესმა ბავშვმა პიანისტმა ცოტნე ზედგინიძემ. ეს იყო მისი პირველი გამოსვლა დიდი აუდიტორიის წინაშე.

20 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებებში კი ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, წარმოეჩინათ საკუთარი ნიჭი და განევითარებინათ ლიდერობის პოტენციალი. ორ სკოლაში მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, სკოლის მუშაობა თავად წარემართათ - ერთი დღის განმავლობაში ისინი ასრულებდნენ მასწავლებლების, ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და დირექტორის როლსაც კი. გარდა ამისა, მათ უნდა ესწავლებინათ შედარებით უმცროსი მოსწავლეებისთვის. თბილისის სატელევიზიო ანძა, რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს, კონვენციის 30-ე წლისთავის საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდის ლურჯ ფერში განათდა.

UNICEF

20 ნოემბერი - ბავშვთა მსოფლიო დღე და ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების დღე - აღინიშნა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის - მსოფლიოში საოჯახო მეურნეობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევის - შედეგების პრეზენტაციით, რასაც მოჰყვა თემატური დისკუსიები.

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30-ე წლისთავი იუსტიციის სამინისტროსთან პარტნიორობითაც აღინიშნა: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების,  ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და იუნისეფის ერთობლივ ღონისძიებაზე, სადაც მიმოიხილეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განხორციელებაში გასულ წელს მიღწეული წარმატებები და გამოწვევები, ასევე საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების სამომავლო გეგმები, რაც მიზნად ისახავს ევროპაში აღდგენითი მართლმსაჯულების საერთაშორისო კვირის აღნიშვნას. აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპები სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებს.

კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები ამბროლაურში დაიწყო 2019 წლის ივნისში, გაეროს მიერ გამართულ მდგრადი განვითარების ფესტივალზე. იუნისეფმა მოაწყო სპეციალური კუთხე ბავშვის უფლებების შესახებ და ორგანიზება გაუწია სხვადასხვა აქტივობას ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის ბავშვის უფლებებისა და კონვენციის 30-ე წლისთავის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად. აქტივობებში შედიოდა ვიქტორინები, ინტერაქტიული თამაშები და ხატვის მეცადინეობები ბავშვის უფლებებზე. იუნისეფის კუთხეს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია და აქტივობებში მონაწილე ბავშვებს შეხვდა.

UNICEF

ბავშვის უფლებათა კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები წლის ბოლომდე გაგრძელდება: დეკემბრისთვის დაგეგმილი ჰაკათონი კი მიზნად ისახავს მთელი ქვეყნიდან 50-მდე ახალგაზრდის თავშეყრას, რათა ერთობლივად იმუშაონ ბავშვთა უფლებების საკითხებზე ინოვაციური იდეების გენერირებისთვის.