ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევების და საჯარო ნდობის მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიისას
პირველი, მეორე და მესამე ტალღის კვლევების ანალიტიკური ანგარიში

- ხელმისაწვდომია:
- English
- ქართული
ძირითადი
პირველი ორი ტალღის მონაცემები აჩვენებდა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა რეალობამ ოჯახების მნიშვნელოვან ნაწილს შემოსავლები შეუმცირა და გააღარიბა: კორონამდელ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები შეუმცირდა ოჯახების დაახლოებით მეოთხედს (23%), იგივე დაურჩა 65%-ს და გაეზარდა 3%-ს.
შემოსავლების კლება ძირითადად დაბალშემოსავლიან ოჯახებში მოხდა (შემოსავლები: 0-300 ლარი და 301-500 ლარი), რაც იმაზე მიუთითებს, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მწვავედ შეეხო ღარიბ მოსახლეობას (ღარიბები კიდევ უფრო მეტად გაღარიბდნენ).
მესამე ტალღაში შეინიშნება მოსახლეობის შემოსავლების გარკვეული ზრდა; ეს ძირითადად შეეხო დაბალშემოსავლიან ოჯახებს (0-300 ლარი); ასეთი ოჯახების წილი მესამე ტალღაში, მეორე ტალღასთან შედარებით, დაახლოებით 6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა პირველი ტალღის ნიშნულს.
სამივე ტალღაში რესპონდენტთა გამოკვეთილი უმრავლესობა აცხადებს, რომ გამოკითხვის მომენტისთვის ანაზღაურებადი სამსახური არ გააჩნია (პირველი ტალღა 79%, მეორე ტალღა - 76%, მესამე ტალღა - 71%). თუმცა, მესამე ტალღაში რესპონდენტთა დასაქმების მაჩვენებლები რამდენადმე იზრდება (პირველი ტალღა - 21%; მეორე ტალღა - 24%; მესამე ტალღა - 29%). შესაბამისად უმუშევრობის ზრდის ტრაექტორია ასეთია: პირველ ტალღასი გაიზარდა 21%-ით, მეორე ტალღაში - 29%-ით, ხოლო მესამე ტალღაში - 20%-ით.
სამივე ტალღის რესპონდენტებს გააჩნიათ მაღალი თვითშეფასება, როდესაც ისინი ახალი კორონავირუსის და მისი გავრცელების შესახებ საკუთარი ცოდნის დონეს აფასებენ (85%-ზე მეტი პოზიტიურად აფასებს). მეორე მხრივ, მაღალ სუბიექტურ შეფასებას გააჩნია ობიექტური საფუძველი: რესპონდენტთა 90%-ზე მეტი სწორად განსაზღვრავს დაინფიცირების სიმპტომენს, რისკ ჯგუფებს, გავრცელების გზებს, სარისკო ქცევებს და პრევენციის გზებს.